მერაბ ქვარაია ოპოზიციას: გუშინ ადამიანები მოვიდნენ, რომ კიდევ ერთხელ დაეცვათ ის, რაც 2012 წელს დაიცვეს თქვენი ტირანიისა და დიქტატურისგან
„ვიცი, რომ ძალიან ძნელი იყო თქვენთვის იმის დანახვა, რაც გუშინ რუსთაველზე ხდებოდა. გუშინ იქ იდგა ყველა ასაკის ადამიანი, ჩვენი თაობის, უფროსი თაობის, შვილების თაობის. იდგნენ პედაგოგები, ჯანდაცვის მუშაკები, საჯარო მოხელეები, ინდმეწარმეები, რომლებსაც საქართველო უყვართ. ისინი გუშინ მოვიდნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაეცვათ ის, რაც 2012 წელს დაიცვეს თქვენგან, თქვენი ტირანიისგან, თქვენი დიქტატურისგან“, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს.
უმრავლესობის წევრი ოპონენტების მიერ სიტყვა „მოღალატის“ ხსენების საკითხსაც გამოეხმაურა.
„ისე ისვრით სიტყვა „მოღალატეს“, რომ არავის ინდობთ. მაშინ, როცა მილიონი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ეს დავუძახოთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის მთავარსარდალი ბრძოლის ველიდან გარბოდა, რომელიც დემოკრატიის სახელით მოვიდა და დემოკრატიას ჩასცხო ლახვარი. რომელიც ხალხს ეფერებოდა, მსახურებას ჰპირდებოდა და შემდეგ ეს ხალხი ციხეებში გამოკეტა. იქაც არ მოასვენა, აწამებდა და ანადგურებდა ამ ადამიანებს. ვინ არის მოღალატე?!“ – განაცხადა მერაბ ქვარაიამ და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ იღებს ეს ძალა არჩევნებზე 1-2%-იან შედეგს.
„გუშინ ადამიანები მოვიდნენ, რომ ეთქვათ, დიახ, გვიყვარს საქართველო, გვიყვარს ჩვენი „ენა, მამული, სარწმუნოება“, ჩვენი ევროპული მისწრაფებები, ჩვენი ისტორია და ყოველთვის ვიდგებით აქ. არ გამოდის ილიას შეგონება სარწმუნოების გარეშე და მიხარია და მეამაყება ჩემი სარწმუნოება. არ გამოდის ოჯახი ქალისა და მამაკაცის გარეშე, ქართული საქმე – ქართული სულის გარეშე არ არსებობს და არ გამოვა მამულიშვილობა სიყვარულის გარეშე. ამიტომ გუშინდელი დღისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოვიდა და ყოველთვის მოვა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.