რატი ბრეგაძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა გუშინდელ აქციაზე მისულ ადამიანებს, არის ფარისეველი ბოლშევიკი
„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა გუშინდელ აქციაზე მისულ ადამიანებს, არის ფარისეველი ბოლშევიკი”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა მიეჩვიონ, რომ ისინი ცხოვრობენ დემოკრატიულ ქვეყანაში და აღარ არიან სააკაშვილის რეჟიმში, სადაც ნებისმიერი აზრის გამომთქმელი, რომელიც არ ემთხვეოდა მათ შეხედულებებს, იყო მოღალატე, რუსეთის აგენტი. მინისტრის თქმით, ეს პერიოდი დასრულდა.
„შეურაცხყოფის მიმყენებელი ადამიანი არის ევროკავშირის დროშამოხვეული ბოლშევიკი, თუმცა მისი ნამდვილი ბუნება ვერასდროს დაიმალება. თუკი, ადამიანი აცხადებ პრეტენზიას იმაზე, რომ ხარ ევროპელი, მოაზროვნე და პატივს არ სცემ სხვისი გამოხატვის თავისუფლებას, ამ შემთხვევაში ხარ უბრალო ფარისეველი. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა გუშინდელ აქციაზე მისულ ადამიანებს, არის ფარისეველი ბოლშევიკი. ჩვენ არ ვაყენებთ შეურაცხყოფას მათ იმის გამო, რომ ისინი გამოხატავენ თავის აზრს, რაოდენ მიუღებელიც და დაუსაბუთებელიც არ უნდა იყოს მათი აზრი. ყველა მოქალაქე ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის ის, რომელიც ახლაც დგას და აპროტესტებს „გამჭვირვალობის კანონს“. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ პატივი ვცეთ სხვა ადამიანის უფლებებს. გუშინ აქციაზეც ერთ-ერთი ოპოზიციური არხის წარმომადგენელი მოვიდა და დაიწყო იგივე ტონალობაში საუბარი და მასაც იგივე მოვუწოდე, რომ პატივი სცენ სხვა ადამიანის უფლებებს. უნდა მიეჩვიონ, რომ ისინი ცხოვრობენ დემოკრატიულ ქვეყანაში და აღარ არიან სააკაშვილის რეჟიმში, სადაც ნებისმიერი აზრის გამომთქმელი, რომელიც არ ემთხვეოდა მათ შეხედულებებს, იყო მოღალატე, რუსეთის აგენტი. დასრულდა ეს პერიოდი. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება მანამ, სანამ ის არ დაარღვევს სხვის უფლებას, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სხვა ადამიანების უფლებები და შეინარჩუნოს გონივრული ბალანსი ადამიანების უფლებებს შორს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ამ ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები. ნუ მოუწოდებენ ხალხს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ, ვინაიდან სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს საზოგადოებრივ და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის რისკის შექმნის პრეცედენტს“, – აღნიშნა ბრეგაძემ.