თეა წულუკიანი: დიალოგზე, იქნება მუხლობრივი განხილვის ფორმატში თუ შეხვედრების ფორმატში, ამაზე უარი ხელისუფლების არც ერთ შტოს არასდროს უარი არ გვითქვამს
„დიალოგზე, იქნება მუხლობრივი განხილვის ფორმატში თუ შეხვედრების ფორმატში, ამაზე უარი ხელისუფლების არც ერთ შტოს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს, არასდროს უარი არ გვითქვამს, მაგრამ როდესაც ხდება პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა, შეფურთხება, ლანძღვა-გინება, იქ რა თქმა უნდა, დიალოგი ვერ მოხდება”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით სარგებლობის უფლება მოქალაქეს აქვს მხოლოდ მშვიდობიანად.
„ქართული კონსტიტუციით, რომელიც ევროპული სტანდარტის წესებს ეფუძნება და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი ფუძემდებლური სამართლებრივი შიდა გამოყენების ტექსტია, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით სარგებლობის უფლება მოქალაქეს აქვს მხოლოდ მშვიდობიანად. როგორც კი შენ, როგორც მოქალაქე იწყებ ამ უფლების გამოყენებისას პარლამენტზე შტურმს, შეჭრის მცდელობას, დეპუტატისთვის იმ უფლების აღკვეცას, რომ მან დატოვოს საკანონმდებლო ორგანო, პოლიციელის შეურაცხყოფას, მასზე ხელის აღმართვა და ა.შ. უკვე სახელმწიფოს აქვს სრული საფუძველი იმისთვის, რომ ლეგიტიმური მიზნის აღსასრულებლად გამოიყენოს პროპორციული ძალა. ლეგიტიმური მიზანი კი არის საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა და დაცვა კონსტიტუციური ნორმის, ანუ, საკანონმდებლო ორგანოს შტურმით აღება და მისი ხელყოფა ვერ მოხდება. ეს არის ალბათ, რაც კიდევ უფრო მეტად უნდა ავხსნათ და თუ საჭიროა ღია დიალოგით, თუ პირისპირ დიალოგით ვის რისი უფლება აქვს. დიალოგს რაც შეეხება, იქნება მუხლობრივი განხილვის ფორმატში თუ შეხვედრების ფორმატში, ამაზე უარი ხელისუფლების არც ერთ შტოს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს, არასდროს უარი არ გვითქვამს, მაგრამ როდესაც ხდება პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა, შეფურთხება, ლანძღვა-გინება, იქ რა თქმა უნდა, დიალოგი ვერ მოხდება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.