ნინო წილოსანი: ვფიქრობ, ამ აქციებმა საკუთარი თავი ამოწურა. ამასთან დაკავშირებით დროულად გააკეთა განცხადება სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მიხვდა, რომ აქციებს უკვე აღარ აქვს ის რესურსი
„მე ვფიქრობ, რომ ამ აქციებმა საკუთარი თავი ამოწურა. ამასთან დაკავშირებით დროულად გააკეთა განცხადება სალომე ზურაბიშვილმა. ის მიხვდა, რომ აქციებს უკვე აღარ აქვს ის რესურსი, რაც უნდოდათ, რომ განხორციელებულიყო. მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, ყურადღება გადაიტანონ არჩევნების პროცესზე”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც პარლამენტთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.
„დღეს შსს-ს ტაქტიკურმა გადაწყვეტილებამ, რომ პოლიციელებს უშუალო კავშირი არ ჰქონოდათ მომიტინგეებთან, ძალიან კარგად გვაჩვენა, რომ გუშინაც არ იყო პოლიციელების მხრიდან არანაირი სურვილი, შესულიყვნენ რაიმე დაპირისპირებაში აქციის მონაწილეებთან. ჩვენ გუშინაც ვხედავდით, რომ აქციის მონაწილეები მიდიოდნენ პოლიციასთან, ძალადობდნენ ფიზიკურად, სიტყვიერად და ა.შ.
მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ჩვენ ისედაც ვართ ცივილიზებულ ფორმატში, ეს არის საკანონმდებლო ორგანოში ამ პროექტის განხილვა და სხვას ალბათ არც განვიხილავთ. თუ ჩვენი ოპონენტები თვლიან, რომ მათ მხარეს არის საზოგადოებრივი აზრის ძირითადი ნაწილი, მათ შეუძლიათ, ამ ყველაფრით გავიდნენ არჩევნებში, რომელიც არის ერთადერთი ცივილიზებული ფორმა დემოკრატიულ სამყაროში“, – აღნიშნა წილოსანმა.