leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ალადაშვილს სულ ისეთ გუნდებში აქვს ნათამაშები, ძალიანაც რომ მოენდომებინა, კახა კალაძეს თვითმფრინავშიც ვერ გადაეყრებოდა

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„1970-იან წლებში, ჩემი ბავშვობისას ერთი, ასე თუ ისე, ცნობილი ფეხბურთელი იყო – ისო ალადაშვილი, რომელიც არც თუ შორეულ ნათესავად გვერგებოდა. მამამისი სოფელში დალაქობდა, იმას უფრო კარგად ვიცნობდი, 20 კაპიკად თავსა მკრეჭავდა. ისო ცოტა ხანს ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, ეგ იყო მისი მიღწევა. ახლა ეჭვი მაქვს, ეს ბალღი მისი შვილიშვილი უნდა იყოს. თუ მართლა შვილიშვილია და არა სხვა, მაშინ გამოდის, ესეც ნათესავად მერგება.

თუმცა!

ეგეთ აბუეტსა და აფერისტს ჩემსასაც დააფსას დეპუტატმა მაჭუტაძემ და სხვისასაც!

ვინც ამ აბუეტი „ფეხბურთელის“ სტატუსი წაიკითხა, ყველას გაუჩნდა შეკითხვა: კი, მაგრამ სად უნდა ეთამაშა ამასთან ერთად კახა კალაძეს – სამტრედიაში? თბილისში? კიევში? მილანში? თანაც 10 წელიწადი?

თან ნახეთ, ნაკრების ფორმითაც რომ „მარიაჟობს”?

კი, ბატონო, ოთხჯერ ითამაშა ნაკრებში და აბა, ფორმასაც ხომ მისცემდნენ?

მისი საერთო კარიერა კი ასეთია: თამაშობდა რუსთავში, გორში, მახაჩყალაში, ბოლნისში, მოსკოვში, ზესტაფონში, კიევის „დინამო 2“-ში, ხაბაროვსკში, ზაკარპატიეში, ხარკოვში… მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და მაგარი ნაწანწალები ტიპია – ზოგან 4 მატჩი აქვს ჩატარებული, ზოგან – სამი, ზოგან – ორი, ზოგან – ერთი.

დაუკვირდით (დაკვირვებაც არ უნდა), სულ ისეთ გუნდებში აქვს ნათამაშები, ძალიანაც რომ მოენდომებინა, კახა კალაძეს თვითმფრინავშიც ვერ გადაეყრებოდა.

არადა, კალაძეს იქით ამუნათებს, 10 წელი შენს გვერდით ვითამაშე და არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდიო.

გაიგონეთ?

ამას ამბობს სპორტული წარმონაქმნი, რომელმაც მოიარა ლამის ყველა რუსული და თანაც მეათეხარისხოვანი გუნდი. ამისთვის ერთადერთი გრანდი იყო „ანჟი მახაჩყალა“.

კარგი, რა, კახაბერო, შე გასაბერო ფეხბურთელო, არ უნდა იცოდე, ვის ეტოლები და რას ეტოლები?

ისე, ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ არა ე.წ. რუსული კანონი, ვერავინ გაგიცნობდა. ახლა კი უკვე ცნობილი კაცი ხარ.

ტაში! 

ბიჭო, წნორის „მილანში“ მაინც გეთამაშა, ვიტყოდი, ჩემი ნათესავი მილანში თამაშობდა-მეთქი, ცოტას წავიტრაბახებდი.

ეჰ, ბედი არ გინდა?“ – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ