არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ბევრჯერ დაადასტურა ერთგულება ეროვნული ინტერესების წინაშე და იმ პარტნიორული ურთიერთობების მიმართ, რომელიც გვაქვს აშშ-თან და ევროკავშირთან
არჩილ თალაკვაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადება შეაფასა, რომელშიც დიპლომატმა საქართველოს მთავრობას ევროატლანტიკური მომავლის მიმართ ერთგულების დადასტურებისკენ მოუწოდა. ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ბევრჯერ დაადასტურა ერთგულება ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების წინაშე და დაადასტურა ერთგულება იმ პარტნიორული ურთიერთობების მიმართ, რომელიც გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მან აღნიშნა, რომ ეს დადასტურდა იმით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა ადამიანის უფლებების დაცვა, ბიზნესის თავისუფლება, თავისუფალი მედია; გატარდა რეფორმები ყველაზე რთულ სივრცეებში, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში. მისივე თქმით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გააფორმა ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, მიიღო უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და კანდიდატის სტატუსი.
„დღეს საქართველო არის ბევრად ევროპული ქვეყანა, ვიდრე ოდესმე. თქვენ რისი გჯერათ, რომ 11 წელი ხელისუფლებას მიჰყვადა საქართველო ევროპული კურსით და გაზაფხულის ბოლოს შეიცვალა თავისი ფილოსოფია? დღეს ცინიკურად რომ მოგვიწოდებენ სასაცილო ოპოზიციონერები რადიკალური ოპოზიციიდან რომ მოგვიწოდებენ, თქვენგან უნდა დავიცვათ 78-ე მუხლიო, სად იყავით საერთოდ, ხმა რატომ არ მიეცით ამ 78-ე მუხლს, როცა კონსტიტუციას ვცვლიდით? არ მიეცით ხმა და დღეს გამოდიხართ და გინდათ ხალხს დააჯეროთ, რომ თქვენ ხართ იმის დამცველები, რასაც ხმა არ მიეცით? ჩვენ შემოვიტანეთ 78-ე მუხლი – ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციაში. და რა უფრო ლოგიკურია, რომ 11 წელი ხელისუფლებას მიჰყავს ქვეყანა ევროკავშირისკენ და გაზაფხულის ბოლო თვეს გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ შემოატრიალოს ქვეყანა რუსეთისკენ? თუ ის, რომ რუსეთის საქმის მკეთებლები, რომლებმაც წააგეს 9 დემოკრატიული არჩევნები ამ ქვეყანაში, რომლებსაც არ აქვთ რაიმე შედეგის მიღების იმედი არჩევნებზე, ქვეყანაში აწყობენ დესტაბილიზაციას?“ – კითხულობს თალაკვაძე.