შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ საერთაშორისო აქტორებს, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედული, ჰქონდეთ კომუნიკაცია, მათ შორის შსს-თან, საკითხში გარკვევის შემდეგ გააკეთონ განცხადებები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, იმედგამაცრუებელია ზოგიერთი განცხადება როგორც საქართველოში მყოფი საელჩოების, ისე ზოგიერთი უცხოელო აქტორის მხრიდან.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ყველას მოუწოდებს, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედული, გაერკვნენ საკითხში და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, ვინაიდან ყალბი ნარატივის დამკვიდრება დისკრედიტაციაა ქართული პოლიციის, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს.
„იმედგამაცრუებელია ზოგიერთი განცხადება როგორც საქართველოში მყოფი საელჩოების, ისე ზოგიერთი უცხოელო აქტორის მხრიდან. ეს გარკვეულწილად ქმნის აღქმას, რომ ხდება ყალბი ნარატივის დამკვიდრება, თითქოს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და მისი ძალადობრივი გზით შეწყვეტა მოხდა. ყველამ ნახა, სინამდვილეში, რა ხდებოდა და, მათ შორის ნახა პარლამენტის შენობაზე თავდასხმის შედეგები, რომელსაც გუშინ წინ, ღამის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ამის ფონზე თქმა, რომ ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, არის ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობა, მეორე მხრივ, საქართველოს პოლიციის დისკრედიტაცია. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, ამ მხრივ იყვნენ უფრო წინდახედული, გაერკვნენ საკითხში და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, ვინაიდან ყალბი ნარატივის დამკვიდრება დისკრედიტაციაა ქართული პოლიციის, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს.
ყველას შევახსენებ, რომ 2019 წლის ნოემბრის აქციების დროსაც იყო განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, აშშ-ის საელჩოს მხრიდან. გახსოვთ, ხდებოდა პიკეტირება საქართველოს პარლამენტის შენობის და მაშინაც აქციის დაშლასთან დაკავშირებით პოლიციის ქმედება შეაფასეს გარკვეული შეშფოთებებით. შემდეგ, 2022 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სრული სტანდარტების დაცვით მოქმედებდა საქართველოს პოლიცია და საელჩოების ეს განცხადება იყო ყალბი ნარატივის დამკვიდრება. ამიტომ, გარკვეული დეჟა ვუ არის, როდესაც გუშინ განცხადებებს ვკითხულობდი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გარკვეული საელჩოების მხრიდან ელოდა მეტ სოლიდარობას პარლამენტის მიმართ.
„ველოდებოდი ამ განცხადებებს და მაინტერესებდა, რა სახის გამოხმაურება იქნებოდა, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ საელჩოებთან საქართველოს პარლამენტს აქვს პარტნიორული ურთიერთობა, გვაქვს სხვადასხვა სახის საქმიანი ურთიერთობა. როდესაც პარლამენტის შენობაზე ხდება თავდასხმა და ამ თავდასხმის მოგერიებაზე საქართველოს პოლიცია შესაბამის ზომებს იყენებს, მათ შორის, პოლიციელები დაშავდნენ, ამის ფონზე ვხედავთ საელჩოების განცხადებას, თითქოს ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და არანაირი მიზეზი არ არსებობდა, საპოლიციო ძალები ყოფილიყო გამოყენებული, რაც, ერთი მხრივ, არის ყალბი ნარატივის დამკვიდრება, მეორე მხრივ, სამწუხარო განცხადება პარლამენტთან დაკავშირებით. ეს გარკვეულწილად ასევე ზიანს აყენებს ცალკეული საელჩოების დამოკიდებულებას პარლამენტის მიმართ. გარკვეული საელჩოების მხრიდან ველოდებოდი მეტ სოლიდარობას პარლამენტის მიმართ. ეს თუ მშვიდობიანი აქცია იყო, ალბათ სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს ჩვენ, რა არის მშვიდობა ამ მხრივ. ჩვენ ვხედავთ აქციებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის პოლიციის მოქმედებას, რომელიც არის მეტად მკაცრი, ბრუტალური და ამის ფონზე, იმავე ქვეყნის წარმომადგენელი საელჩო საქართველოს პოლიციის მართლაც ფრთხილ, სტანდარტების შესაბამის მოქმედებას როცა აფასებს, თითქოს მშვიდობიანი აქციის მიმართ ძალის გამოყენება იყო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, სამწუხარო მცდელობაა ყალბი ნარატივის დამკვიდრების. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო აქტორს, განსაკუთრებით საელჩოებს, რომლებიც არიან საქართველოში, გაერკვნენ ვითარებაში, მათ შორის ჰქონდეთ კომუნიკაცია შსს-თან და ამის შემდეგ გამოიტანონ დასკვნები, გააკეთონ განცხადებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.