კრემლმა დევიდ ქემერონის განცხადებას, რომ უკრაინას აქვს უფლება, დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენოს, სახიფათო უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამგვარმა ვერბალურმა ესკალაციამ ევროპის უსაფრთხოებას, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.
„კიდევ ერთი ძალიან სახიფათო განცხადება. ჩვენ ვხედავთ მსგავს ვერბალურ ესკალაციას ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან, სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, როდესაც ეს ეხება საფრანგეთს, ექსპერტულ დონეზე, როდესაც ეხება დიდ ბრიტანეთს. ეს არის დაძაბულობის პირდაპირი ესკალაცია უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ევროპის უსაფრთხოებას, მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. ოფიციალურ განცხადებაში დაძაბულობის ესკალაციის საშიშ ტენდენციას ვაფიქსირებთ. ეს შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა პესკოვმა.
კიევში ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება, დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენოს და დასძინა, რომ ეს კიევის გადასაწყვეტია.