leaderboard_below_slide
left_sabechdi

მეუფე შიო: მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე

„მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დიდ პარასკევს, იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, იესო ქრისტემ გასწირა თავისი სხეული და დაღვარა თავისი სისხლი იმისთვის, რომ მივიღოთ საუკუნო სიცოცხლე და „აღგვადგინოს მან უკანასკნელსა დღესა, როგორც თავისი შვილები“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ახლა გამოვაბრძანეთ თქვენ წინაშე წმინდა გარდამოხსნა, რომელიც არა მხოლოდ წმინდაა, არამედ საშინელიც არის, რადგან მასზე გამოსახულია ძე ღმერთის შიშველი და მკვდარი სხეული, რომელიც სიკვდილით დასაჯეს მისმა მტრებმა.

როგორ შეიძლება მომხდარიყო კაცობრიობის დანაშაულთა შორის ეს ყველაზე საშინელი დანაშაული? რატომ არ სთხოვა ძე ღმერთმა თავის მამაზეციერს, რომ ანგელოზთა ლეგიონები მოევლინა და შეემუსრა მისი მტრები, რომლებსაც მისი სიკვდილი სწყუროდათ? ჩვენი გონებით ვერასდროს ავხსნიდით, ვერასდროს ვუპასუხებდით ამ შეკითხვას. ვის შეიძლებოდა აეხსნა ჩვენთვის ეს აუხსნელი საკითხი?

გვახსენდება უფალ იესო ქრისტეს სიტყვები თავის საიდუმლო მოწაფესთან, ნიკოდიმოსთან საუბარში, იგი ამბობს: „ისე შეიყვარა ღმერთმან ქვეყანა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა მას, რათა მისი ყოველი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს ცხოვრება საუკუნო“ (იოანე, 3:16). ეს ნიშნავს, რომ მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე.

ასევე გვახსენდება უფალ იესო ქრისტეს იდუმალებით სავსე სიტყვები, რომლებიც სრულიად მიუწვდომელია ამა სოფლისთვის. უფალი ბრძანებს: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ, უკეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკვდეს, არამედ ცხონდეს უკუნისამდე. და პური რომელი მე მივცე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივცემ ცხორებისათვის სოფლისა… ამინ, ამინ გეტყვით თქვენ, უკეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სვათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორება თავთა შორის თქვენთა, ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორება საუკუნო და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა, რამეთუ ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არს. და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა“ (იოანე, 6:51, 53-56).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დიადი მნიშვნელობა ქრისტეს მსხვერპლისა – მან გასწირა თავისი სხეული და დაღვარა თავისი სისხლი იმისთვის, რომ ჩვენ წმინდა ზიარების საიდუმლოში ვჭამდეთ მის ხორცს და ვსვამდეთ მის წმინდა სისხლს; რომ მისი სხეული გახდეს ჩვენი სხეული და ჩვენს ძარღვებში, ჩვენს სისხლთან ერთად, ჩქეფდეს ასევე მისი სისხლი და ამგვარად ვეზიარებოდეთ ღმერთკაცს, მივიღოთ საუკუნო სიცოცხლე და როგორც ამ სიტყვებში იყო ნათქვამი, აღგვადგინოს მან უკანასკნელსა დღესა, როგორც თავისი შვილები.

ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ მას ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის. ამ კითხვაზეც პასუხს გვცემს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იგი ამბობს: „თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები“.

ამრიგად, დღეს დავღვაროთ ჩვენი სიყვარულის ცრემლი ჩვენ წინაშე მდებარე ძე ღმერთის სხეულზე და ჩვენი სულის მთელი ძალები, უპირველეს ყოვლისა, მივმართოთ იქითკენ, რომ დავიცვათ მისი მცნებები, ამინ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

ასევე იხილეთ