„თვალში საცემია, რომ პრაქტიკულად, ეს ემოციური ტალღა უკვე იმ ფაზაში გადავიდა, როდესაც არგუმენტებსა და მსჯელობას საერთოდ აღარანაირი ფასი აქვს. პრაქტიკულად ცდილობენ, იმგვარად წარმართონ პროცესი, რომ საერთოდ აღარ იყოს საუბარი, რით არის ეს კანონპროექტი რუსული ან საერთოდ რა საერთო შეიძლება ჰქონდეს მას რუსულ კანონმდებლობასთან”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ჯგუფს, რომელიც დღეს აქციას მართავს, ნამდვილად არ აქვს უფლება, მთელი ქართული საზოგადოების სახელით ისაუბროს და განსხვავებულ აზრს ებრძოლოს.
„თუ გადავავლებთ თვალს საქართველოს ისტორიას, ყოველთვის აღმოჩნდება, რომ უზარმაზარი შეცდომების წინაშე ქვეყანა დამდგარა მაშინ, როდესაც საღი აზრი იკარგება და საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება ემოციურად ხდება. ეს არის იდეალური პლაცდარმი ამ ქვეყნის არა გულშემატკივარი ძალებისთვის, რომ როგორღაც პროცესები უარყოფითი მიმართულებით წარიმართოს, არა საქართველოს ინტერესებით. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ასეთი, ემოციურად ეგზალტირებული გადაწყვეტილებების წინაშე, რომ ქართველი ერი აღმოჩნდებოდა, იქ ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მისულიყო.
საბედნიეროდ, მინდა ვთქვა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას უნარიც შესწევს და მოწოდებულია, რომ დაიცვას საღი აზრი – საღად უნდა ვიმოძრაოთ ევროპული მომავლისკენ და არა ტრაფარეტებით. ტრაფარეტების მიღმა იმალება ისეთი პოლიტიკური ზრახვები, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.