დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით
„ძალიან ძნელია, მოზღვავებულ ემოციაში მყოფ ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში და როგორ იმყარებს საქართველო სუვერენულ უფლებებს ახალ გეოპოლიტიკაში“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
ხუნდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პოლიტიკურ გამბედაობას, მართალ პრინციპულობას და ეროვნული ღირსების დაცვას ყოველთვის მოაქვს შედეგი და საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდება.
„რამდენიმე წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთიბეწო ქვეყანა, რომელიც მსოფლიო რუკაზე არც კი ჩანს, თავისი სუვერენიტეტისათვის ბრძოლას დიდ სახელმწიფოებთანაც კი გაბედავდა. ხელისუფლების მშვიდმა, პრინციპულმა და გაბედულმა პოლიტიკამ ალბათ გააოგნა მსოფლიო. საქართველო თანამედროვეობის ერთ-ერთი თვითმყოფადი სახელმწიფო ხდება. ეს გზა რთულია, მაგრამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
ძალიან ძნელია, მოზღვავებულ ემოციაში მყოფ ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში და როგორ იმყარებს საქართველო სუვერენულ უფლებებს ახალ გეოპოლიტიკაში. მათ ოპოზიცია მართავს და შთააგონებენ იმას, რაც მათ სურთ და რისთვისაც სურთ ამ ახალგაზრდების წრფელი ემოციების გამოყენება. ვსაუბრობ არა წინასწარ დატრენინგებულ, არამედ, მანიპულაციების და დეზინფორმაციის საშუალებით ქუჩაში გამოყვანილ ახალგაზრდებზე.
პოლიტიკურ გამბედაობას, მართალ პრინციპულობას და ეროვნული ღირსების დაცვას ყოველთვის მოაქვს შედეგი. დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით. შესაძლოა დღეს უცნაურად ჩანს ჩვენი ქმედება მათთვის, მაგრამ ხვალ აუცილებლად ანგარიშგასაწევი იქნება“, – წერს ხუნდაძე.