“პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა, რომელიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში იმყოფება”, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
“უზბეკეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის ჯანდაცვისა და სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრების მოადგილეები.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში დაფიქსირებულ სტაბილური ზრდის დინამიკაზე ორმხრივ ვაჭრობაში, კერძოდ, აღინიშნა, რომ 2024 წლის იანვარი – მარტის პერიოდში სავაჭრო ბრუნვა 64 პროცენტით, ექსპორტი კი 55 პროცენტით გაიზარდა. პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ძალისხმევას მიმართავენ ორმხრივი ვაჭრობის ზრდის მიმართულებით როგორც ტრადიციული, ისე ახალი საექსპორტო პროდუქციის ხარჯზე.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა თანამშრომლობა ინვესტიციების სფეროში. აღინიშნა, რომ ლიბერალური ბიზნეს გარემოს გარდა, საქართველო, გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პირობებით, აქვს წვდომა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის მესამედთან, რაც 2,3 მლრდ ადამიანს წარმოადგენს. რაც შეეხება საქართველოში ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ სექტორებს, ყურადღება გამახვილდა ტურიზმზე, ენერგეტიკაზე, აგრომრეწველობაზე, უძრავ ქონებაზე, ლოგისტიკაზე, ტრანსპორტზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სხვ.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ტურისტული სექტორში, კერძოდ, წყალტუბოს კურორტის განვითარებაში უზბეკური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, განხილულ იქნა უზბეკური ინვესტიციებით საქართველოში მსუბუქი მრეწველობის საწარმოების ამოქმედების საკითხი. ორივე მიმართულების შესასწავლად უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში დამატებით ჩამოვა.
მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებზე, რომლის მეშვეობითაც გაიზრდება ტვირთნაკადი ორ ქვეყანას შორის. ასევე საუბარი წარიმართა ავიაგადაზიდვების სფეროში არსებული სახელშეკრულებო ბაზის უფრო მეტად ლიბერალიზებას, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ თანამშრომლობას ამ მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სფეროშიც. ითქვა, რომ უზბეკეთიდან ტურისტების ზრდის დინამიკის მიუხედავად, პოტენციალი გაცილებით მეტია.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს პროგრესი ორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის ე.წ. საგზაო რუკის ფარგლებში, რომელიც 2023 წელს გაფორმდა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობა მთავრობათაშორისო კომისიის ფორმატში, რომლის მორიგი შეხვედრაც მიმდინარე წლის 12 – 13 ივნისს თბილისში გაიმართება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.