leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ გურამიშვილმა ბულგარულ ავიაკომპანიებთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობები განიხილა

„ვფიქრობთ, საქართველოში არსებული ლიბერალური სამართლებრივი ჩარჩო და მიმზიდველი საავიაციო ბაზარი წაახალისებს ბულგარულ ავიაკომპანიებს, გააფართოვონ ოპერაციების არეალი საქართველოს მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ტურიზმისა და  სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის განვითარებას. მსურს მოგიწვიოთ საქართველოში ბულგარეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობების შესასწავლად“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა სოფიაში, ბულგარეთის ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავიაციის ინდუსტრია საქართველოში მზარდი დინამიკით ხასიათდება, რასაც ხელი შეუწყო მთავრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ ავიაციის სფეროში. გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველოს ლიბერალური ხასიათის შეთანხმებები საჰაერო მიმოსვლის შესახებ გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ბულგარეთთან, ისრაელთან, ინდოეთთან, ბაჰრეინთან, ჩინეთთან, საუდის არაბეთთან  და ა.შ.

„2020 წლიდან ძალაშია „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმება,“  რომელიც გზას უხსნის ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროპის საჰაერო სივრცეში. იგი ითვალისწინებს ევროკავშირთან სამართლებრივ დაახლოებას სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის არის საავიაციო უსაფრთხოება და უშიშროება, მგზავრთა უფლებები, საჰაერო მოძრაობის მართვა, კონკურენციის საკითხები, სოციალური ასპექტები და ა.შ.“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გურამ გურამიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ავიაციის სფეროში არსებული მდგომარეობის, მგზავრთნაკადისა და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის და მცირე ზომის კარგო ტერმინალის, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის და თელავის აეროპორტის მშენებლობის შესახებ, მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა სტატისტიკას, რომლის მიხედვით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი უკვე დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს – 2023 წელს საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 6 მილიონზე მეტ მგზავრს, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით მეტია.

 

ასევე იხილეთ