leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი რუხაძე: რატომ უნდა დაიხუროს „იმედი“ და რატომ უნდა იყოს ვიშვიშში, როგორც ელჩებთან შეხვედრაზე ათმა მედიამ თქვა, რომ თუ მიიღეს ეს კანონი, დავიხურებითო

„ბევრად კარგად უნდა იყოს გაწერილი”, – ასე შეაფასა გამჭვირვალობის კანონი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“.

ირაკლი რუხაძე განმარტავს, რომ ეს კანონი ორგანიზაციას ავალდებულებს მხოლოდ თანხების გასაჯაროებას. ის იხსენებს, რომ კანონის შესახებ საკუთარი აზრი ელჩებისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგაც გამოთქვა.

„ამ შეხვედრის შემდეგ ორი საათი გვქონდა კამათი და ვლაპარაკობდით. იქ მიწვეულმა ტელევიზიებმა თქვეს, რომ დაიკეტებიან, თუ ამ კანონს მიიღებენო. რა თქმა უნდა, არც ერთმა არ ახსნა, რატომ. მე ავხსენი, როგორ მეხება ეს კანონი და რატომ ვერ ვხედავ პრობლემას. და მართლა ვერ ვხედავ პრობლემას. მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უკბილო კანონია, არაფერს არ გაძლევს და ბევრად კარგად უნდა იყოს გაწერილი. იმდენჯერ შეაცვლევინეს, მივედით უკბილო რაღაცამდე. რეალურად არის მესამე პუნქტის „დ“ და „ე“ ნაწილი – ორი წინადადებაა, რომელიც გეუბნება, მითხარი, ფული ვინ მოგცა და მითხარი მიზნობრიობა, რაში დახარჯე“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მან ასევე განმარტა, რა კუთხით შეეხება გამჭვირვალობის კანონი „იმედს“.

„მე მეხება ეს კანონი, რადგან „იმედი“ არის მედიაორგანიზაცია, მე ვარ „იმედის“ მფლობელი და მე ვარ ამერიკის მოქალაქე, თანამფლობელებიც არიან ინგლისის და ამერიკის მოქალაქეები. კანონი რა თქმა უნდა, მეც შევისწავლე და ჩემმა იურისტებმაც. ჩვენ ისეც ვამბობთ, რა ფული შემოგვივიდა. ჩვენ ვართ წარმოუდგენლად მაღალი დონის გამჭვირვალობა, ჩვენ ტელეკომის რეგულაციის ქვეშ ვხვდებით და ბოლო ბენეფიციარამდე უნდა ვაჩვენოთ, ვინ ფლობს. აქედან ვიცი მე, რომ „მთავარის“ უკან ქალბატონი გიული ალასანია დგას, გვარამია რომ მფლობელია და ასე შემდეგ. ეს რეგულაციები ჩვენ გვავალდებულებს მაღალი დონის გამჭვირვალობას. ერთადერთი, რაც ემატება ამ კანონის მიღების შემდეგ, უნდა ვანახო მიზნობრიობა – რატომ შემომაქვს ფული „იმედში“. ჩემი იურისტებიც მეუბნებიან და მეც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთი წინადადება – ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად. ეს არის მიზნობრიობა. ფული საიდან მომაქვს, ისეც ვანახებ. რატომ უნდა დაიხუროს „იმედი“ და რატომ უნდა იყოს ვიშვიშში, როგორც ელჩებთან შეხვედრაზე ათმა მედიამ თქვა, რომ თუ მიიღეს ეს კანონი, დავიხურებითო“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ასევე იხილეთ