კახა კალაძე: თუ ვინმეს აწყობს ძალადობა და დაპირისპირება, ეს არის ოპოზიცია და ის რადიკალები, რომლებიც თავიანთი გეგმის მიხედვით მოქმედებენ
„თუ ვინმეს აწყობს ძალადობა და დაპირისპირება, ეს არის ოპოზიცია და ის რადიკალები, რომლებიც თავიანთი გეგმის მიხედვით მოქმედებენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბოლო დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმებში ოპოზიციის მიერ ხელისუფლების დადანაშაულების შეფასებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს გეგმა „აკერმანის სახელმძღვანელოს“ შეესაბამება.
„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. თუ ვინმეს აწყობს ძალადობა და დაპირისპირება, ეს არის ოპოზიცია და ის რადიკალები, რომლებიც თავიანთი გეგმის მიხედვით მოქმედებენ და ეს გეგმა არის აკერმანის სახელმძღვანელო, სადაც პირდაპირ წერია, როგორ უნდა იმოქმედონ და რა ღონისძიებები უნდა გაატარონ. ხვალ ამასთან დაკავშირებით, მინდა გავაკეთო ფეისბუკზე ვიდეომიმართვა, სადაც დეტალურად მინდა, ავხსნა, რა წერია აკერმანის სახელმძღვანელოში და როგორი პარალელებია იმ აქციებთან, რომელსაც მშვიდობიან აქციებს უწოდებენ. რეალურად მშვიდობიან აქციასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. აქვთ კონკრეტული ზრახვები, ეს არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, დაპირისპირება, გადატრიალება და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალური ასევე აცხადებს, რომ რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და აღნიშნავს, რომ ძალადობის წახალისება სწორედ ოპოზიციის მხრიდან გამოჩნდა.
„რა თქმა უნდა, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ძალადობა. ჩვენ ხომ იგივე ადამიანები არ ვართ, რასაც ისინი წარმოადგენენ. გავიხსენოთ თუნდაც, პარლამენტში ელისაშვილის ლაჩრული ქმედებები, როდესაც მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რა განცხადებებს აკეთებდნენ – პირდაპირ მოწონებები იყო ამასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ყველა ლიდერი და აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, „საღოლ ალეკო ელისაშვილს, მაგარი კაცი ხარ“. პირდაპირ წახალისება მიდიოდა. თუნდაც, სალომე ზურაბიშვილის ქმედება ავიღოთ – როდესაც კონკრეტული ადამიანი დაკავებულია და მისჯილი აქვს სასჯელი იმაზე, რომ პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდა, ცოცხლად წვავდა ადამიანს, მას იწყალებ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მთელი ეს რადიკალები, ოპოზიციური სპექტრი ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანი, ვინც პოლიციელს ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“, გმირად გამოეყვანათ. ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.