top_leaderboard
left_sabechdi

“ადიდასის ოქროს ბურთი”, რომელიც დიეგო მარადონას 1986 წელს გადაეცა, აუქციონზე გაიყიდება!

დიეგო მარადონას მიერ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოგებული “ადიდასის ოქროს ბურთი” აუქციონზე გასაყიდად გადის. აუქციონი დანიშნულია პარიზში, 2024 წლის 6 ივნისს. სხვათა შორის, თავის დროზე დიეგოს ჯილდო სწორედ პარიზში გადაეცა 1986 წლის 13 ნოემბერს…

ეს არის 28 სმ სიმაღლის და 15,86 სმ დიამეტრის 4-კილოგრამიანი ჯილდო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა მექსიკის სტადიონებზე დადგმული სპექტაკლებისთვის მიიღო.

დიახ, აქ იყო ხელით გატანილი გოლიც, რომელსაც თავად მარადონამ “ღმერთის ხელი” უწოდა, მაგრამ იმავე თამაშში, ინგლისთან, შექმნა შედევრი, რომელიც მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და რომელმაც გადაფარა ყველაფერი.

“1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დიეგო ისე ბრწყინავდა, როგორც არასდროს – მის კარიერაში. ამ მუნდიალით მან თავად დაიდგა ძეგლი. ჩვენ ვიცოდით, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავდა, ამაში ეჭვი არ გვეპარებოდა…

 

ჩემი საყვარელი მოგონება ამ მსოფლიო ჩემპიონატზე? ეს არის დიეგოს მეორე გოლი, რომელიც მან ინგლისს გაუტანა და რომელიც ჩემთვის ყველაზე ლამაზად რჩება ფეხბურთის ისტორიაში”, – იხსენებს მარადონას მაშინდელი თანაგუნდელი ხორხე ბურუჩაგა.

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. 2023 წლის ნოემბერში აუქციონზე გაიყიდა მისი მაისურა, რომელიც ინგლისთან ხსენებულ მატჩში ემოსა და თამაშის შემდეგ სტივ ჰოჯს გაუცვალა. სწორედ ჰოჯმა გაიტანა ის აუქციონზე და დაახლოებით 7 მილიონ ფუნტად გაყიდა.

მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აუქციონზე გადის “ადიდასის ოქროს ბურთი”, რომელსაც ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს 1982 წლიდან გადასცემს. 1990 წლიდან “ადიდასის ოქროს ბურთი” დაცულია ციურიხში (შვეიცარია) განთავსებულ ფიფა-ს მუზეუმში.

 

ასევე იხილეთ