leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი: დღევანდელი გამოწვევები არ არის იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე გვქონდა, თუნდაც, ყველაზე რთულ პერიოდებში, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი

„დღევანდელი გამოწვევები არ არის იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე გვქონდა, თუნდაც, ყველაზე რთულ პერიოდებში, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის წარმომადგენლის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს ამჟამად უამრავი გამოწვევა აქვს.

„ქვეყანას აქვს უამრავი გამოწვევა. აბსოლუტურად გასაგებია, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, მცირე მოსახლეობით, 3,7 მილიონი მოსახლით. ეკონომიკაც ჯერ კიდევ არის, რა თქმა უნდა, სუსტი – ერთ სულ მოსახლეზე არის 8200 დოლარი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გამოწვევები არის სერიოზული, თუმცა, მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ვითარებაში არის ჩვენი ქვეყანა უკვე სამი ათასი წელია.ჩვენი ქვეყანა მუდმივად იყო იმპერიების გადაკვეთაზე, გზაჯვარედინზე, თუმცა, საქართველო ყოველთვის ახერხებდა საბოლოო ჯამში სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, დღევანდელი გამოწვევები არ არის იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე გვქონდა, თუნდაც, ყველაზე რთულ პერიოდებში. მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ეს კანონიც სწორედ ამას ემსახურება. თუ სუვერენიტეტს დაკარგავ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, სათანადოდ იზრუნო შენი ეროვნული ამოცანების მიღწევაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აქვე აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკა იზრდება.

„ეკონომიკას რაც შეეხება, ეკონომიკის სტრუქტურა არის ცალკე გამოწვევები. თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკა იზრდება ბოლო სამ წელიწადში ნომინალური ეკონომიკა დოლარში დაახლოებით გაორმაგდა და წელსაც გვაქვს ზრდის კარგი ტემპი – 7,8%-ია ეკონომიკური ზრდა პირველი კვარტლის მონაცემებით. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა ხელს შეუწყობს ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებასაც. მთლიანობაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე. რა თქმა უნდა, არის სერიოზული სირთულეები, გამოწვევები, მაგრამ ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცება არის აბსოლუტურად შესაძლებელი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ