left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ხალხმა იცის მშვიდობის და ეკონომიკური წინსვლის ფასი, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, ვერც მაიდანი და ვერც სხვა ტიპის რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში ვერ განხორციელდება

„როგორც დავიცავით უკვე ორჯერ ამ სამი წლის განმავლობაში ქვეყანა რევოლუციის მცდელობისგან, ასევე დავიცავთ მესამე შემთხვევაშიც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამის არავითარი რესურსი რეალურად, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს.

„სახელმწიფო არის თავის ადგილზე. როდესაც საუბარია მაიდანზე, ეს არ არის რა თქმა უნდა, იანუკოვიჩის უკრაინა და არც 2003 წლის საქართველოა, როცა გასაგები მიზეზების გამო შესუსტებული იყო ინსტიტუტები, უკრაინაში რაც იყო, ეს ცალკე თემაა. აქედან გამომდინარე, აქ ტოლობის ნიშნის დასმა შეუძლებელია, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, ჩვენი ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, სახელისუფლებო გუნდი არის ძლიერი, ერთიანი, როგორც არასდროს. ასეთ ვითარებაში ვერც ძალადობით, ვერც რამე მსგავსი აქტებით რადიკალები მიზანს, ბუნებრივია ვერ მიაღწევენ. ეს არის საერთო სურათი, სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი და სწორედ ეს არის იმის გარანტია, რომ საქართველოში ვერავითარი არეულობა ვერ შედგება. ეს არის ასევე იმის გარანტია, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივ ამოცანებს აუცილებლად შევასრულებთ. რევოლუციის არავითარი რესურსი რეალურად არ არსებობს. ამ კუთხით ჩვენი მოსახლეობა, შეიძლება მშვიდად იყოს. მთავარი ფაქტორი არის ხალხის მხარდაჭერა. დღეს ჩვენი, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ რევოლუციას ამ ქვეყანაში ბუნებრივია ვერ მოაწყობს. ხალხი ყველაფერს აფასებს, მათ შორის ხალხმა იცის მშვიდობის ფასი, ეკონომიკური წინსვლის ფასი და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრით განპირობებულია ის ისტორიულად რეკორდული მხარდაჭერა, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული აქვს „ქართულ ოცნებას“. ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა, ვერც მაიდანი და ვერც სხვა ტიპის რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში ვერ განხორციელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ