left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: როცა კანონში წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა დაადეკლარირო შენი ფინანსები, აქ ობიექტური შენიშვნა ვერ გექნება, ამიტომაა რომ ვისმენთ ზოგად განცხადებებს

„როცა კანონში წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა დაადეკლარირო შენი ფინანსები, აქ ობიექტური შენიშვნა ვერ გექნება, ამიტომაა რომ ვისმენთ ზოგად განცხადებებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, აქედან ჩანს, რომ კანონი არის ძალიან კარგი, მაგრამ ვიღაცეებს აღელვებთ გამჭვირვალობა.

„რაც შეეხება გრანტების შესახებ კანონს, საგადასახადოს და ა.შ. თავისი შინაარსით, თავისი ერთობლიობით არ განეკუთვნება ეს რეგულაციები ამ კონკრეტულ კანონებს. ერთი ის, რომ დაფინანსება შეიძლება არ იყოს საგრანტო და გრანტების კანონში ვერ ჩაწერ, თუ გრანტსაც ეხება და არაგრანტსაც და საგადასახადოს საერთოდ არ ეხება, საგადასახადოს მიზანი საერთოდ არ აქვს ამ კონკრეტულ კანონს. ამიტომ იურიდიული ტექნიკის კუთხითაც და ყველანაირად, ერთადერთი ალტერნატივა არის ის, რომ ცალკე კანონით მოაწესრიგო ეს საკითხი, იმიტომ რომ თვისებრივად ახალი ურთიერთობები წესრიგდება, რომელსაც არ აქვს ასეთი შემხებლობა არც ერთ სხვა მოქმედ კანონთან, კომპლექსურად არ ჯდება არც ერთ კანონში. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ რაღაც აჩემებას გავს, რომ გაქვს მუხლების ერთობლიობა, ცალკე კანონად იღებ და რატომ უნდა გადასვა ყველა ეს კანონი, რა იცვლება, ეს ხომ აჩემებასავით არის, რომ ყველა ეს მუხლი აიღე და გადასვი საგადასახადო კოდექსში და ამით ეს ე.წ. „რუსული კანონი“ გახდება აფრიკული, თუ ამერიკული, თუ სადაური? იმ დონეზე არ აქვთ არგუმენტები, ასეთი სპეკულაციური განცხადებებით გამოირჩევიან. თუ ეს მუხლები მოწონთ და უბრალოდ ამბობენ, რომ გადაიტანეთ საგადასახადოში, ან გრანტების კანონში, მაშინ მუხლები წესრიგში ყოფილა. ანუ, აბსოლუტურ აბსურდში არიან შესულები. როცა კანონში წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა დაადეკლარირო შენი ფინანსები, აქ ობიექტური შენიშვნა ვერ გექნება, ამიტომაა რომ ვისმენთ ზოგად განცხადებებს. რა გაშორებს, რომელი ნორმა გაშორებს, კანონი რატომ გაშორებს, ამაზე არგუმენტი არავის მოუსმენია. აქედან ჩანს, რომ კანონი არის ძალიან კარგი, მაგრამ ვიღაცეებს აღელვებთ გამჭვირვალობა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, შავი ფული არის პრობლემა როგორც პარტიებში, ისე NGO-ებში.

„მაგალითად ამ სამ ჟურნალისტს აღელვებს იმიტომ, რომ შეიძლება მათ შორის, მათი შავი ფული გახდეს საჯარო, ინფორმაცია გახდეს საჯარო საზოგადოებისთის იმაზე, თუ მაგალითად ვინ აფინანსებს კონკრეტულ ტელევიზიებს. ყველამ ვიცით, რომ შავი ფული ტრიალებს კონკრეტულ ტელევიზიებში. ხაზარაძეს მიაქვს თვეში 240 000 ლარი „ტვ პირველში“, ეს არის დაუდეკლარირებელი ფული, მაგალითად. ეს ამ კანონს არ ეხება, რადგან მოქალაქეს მიაქვს, მაგრამ ზოგადად ვამბობ, შავი ფული არის პრობლემა როგორც პარტიებში, ისე NGO-ებში. კეზერაშვილს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ის აფინანსებს ტელევიზიებს, პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ამ შავი ფულის ჩვენება ხომ პრობლემაა.

სახელს რაც შეეხება, მაშინ გვითხრან, რომ მარტო სახელშია პრობლემა და დავთანხმდებით. მთავარია, ვიღაცამ გვაღირსოს ერთი კონკრეტული პრობლემა ამ კანონთან დაკავშირებით და ზოგადი განცხადებებით ნუ შემოიფარგლებიან, რომ კანონი არ ვარგა, რატომ არ ვარგა ხომ უნდა გვითხრან და ვერაფერს გვეუბნებიან, ეს არის პრობლემა,“- განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ