სოზარ სუბარი: ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უმრავლესობის წევრებს კიბეებზე დასდევდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ – ამის ნაცვლად, კომიტეტის სხდომაზე შესულიყვნენ
„კომიტეტის სხდომა ადრე არ დაწყებულა, თავის დროზე დაიწყო – ყველამ იცოდა, როდის იწყებოდა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ხელი არავის შეუშლია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, 13 მაისის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღეს, ოპოზიციონერი დეპუტატები უნდა შესულიყვნენ და ისე მოქცეულიყვნენ, როგორც დეპუტატებს შეეფერებათ.
„კომიტეტის სხდომა ადრე არ დაწყებულა, ზუსტად თავის დროზე დაიწყო – ყველამ იცოდა, როდის იწყებოდა და მათთვის [ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის] ხელი არავის შეუშლია, რომ შესულიყვნენ კომიტეტის სხდომაზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უმრავლესობის წევრებს კიბეებზე დასდევდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ. ამის ნაცვლად, კეთილი ენებათ და კომიტეტის სხდომაზე შესულიყვნენ და მოქცეულიყვნენ ისე, როგორც პარლამენტის წევრებს შეეფერებათ. დაიცვან ზრდილობის წესები, ზრდილობიანი განცხადებები აკეთონ და ილაპარაკონ კანონსა და მის არსზე – ნუ დაკავდებიან პარლამენტის კიბეებზე თავიანთი კოლეგების დევნით აღმა-დაღმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.