ანრი ოხანაშვილი: პროექტის მე-3 მოსმენით განხილვა, ძირითადად, 1-2 წუთს ან სულაც რამდენიმე წამს გრძელდება ხოლმე, რადგან პროექტები უკვე რედაქტორების მიერ არის დამუშავებული
იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კომიტეტის თავმჯდომარე ასევე სხვადასხვა კანონპროექტების მესამე მოსმენის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ასეთი მოსმენები ყოველთვის ხანმოკლეა.
„რადიკალი ოპოზიციონერები სპეკულირებენ კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მე-3 მოსმენით განხილვის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. თითქოს, კანონპროექტის მე-3 მოსმენით განხილვა, ზოგადად, ხანგრძლივ პროცედურას ითვალისწინებს და დღევანდელ სხდომაზე ეს პროცედურა თითქოს არ იქნა დაცული.
ასეთ სპეკულაციაზე სერიოზული კომენტარი ზედმეტია, თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მე-3 მოსმენის დროს შეიძლება დაისვას მხოლოდ რედაქციული და არა შინაარსობრივი შენიშვნები.
ამიტომ, პროექტის მე-3 მოსმენით განხილვა, ძირითადად, 1-2 წუთს ან სულაც რამდენიმე წამს გრძელდება ხოლმე, რადგან პროექტები უკვე რედაქტორების მიერ არის დამუშავებული.
ამის დასტურად გიზიარებთ კომიტეტის ხანგრძლივობის ამსახველ მასალას სხვადასხვა დროს მე-3 მოსმენით განხილულ კანონპროექტებზე.
ამასთანავე, ერთ-ერთ ვიდეოში ოპოზიციის წევრია პროექტზე მომხსენებელი და პროექტის განხილვა 49 წამში სრულდება, ხოლო მეორე ვიდეოში ჩანს, რომ დარბაზი სავსეა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებით, თუმცა ისინი შეკითხვასაც არ უსვამენ შსს მინისტრის მოადგილეს და საკითხის განხილვა 1 წუთში სრულდება.
დღევანდელი სხდომაც სწორედ ტრადიციული პრაქტიკის შესაბამისად ჩატარდა. არა დეზინფორმაციას! კი გამჭვირვალობას!“, – წერს ოხანაშვილი.