ზურაბ ქადაგიძე: საუკუნოვანი შანსი გვაქვს, მსოფლიო ეკონომიკურ გზაჯვარედინად ვიქცეთ და სწორედ ამას ებრძვის ყველა, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ჩართულია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში!
„წარმოდგენა თუ გვაქვს, რა მასშტაბის გეოპოლიტიკური აქტორი შეგვიძლია გავხდეთ და რამხელა პერსპექტივა ექმნება საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერსა და სტაბილურ ქვეყანას?!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
მისივე თქმით, ინდოეთმა და ირანმა სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ინდოეთიდან ირანის გავლით ეკონომიკური ინფრასტრუქტურა უნდა აეწყოს, მთავარი გზაჯვარედინი ყველა მიმართულებით საქართველო გახდება, რადგან ჩინეთს სტაბილური სახმელეთო დერეფანი ევროპასთან, საქართველოზე გავლით აქვს.
„ჩინეთს, რომ ერთადერთი სტაბილური სახმელეთო დერეფანი ევროპასთან, საქართველოზე გავლით აქვს ყველამ გავიგეთ.
ახლა კი ინდოეთმა და ირანმა სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმეს, სადაც ინდოეთიდან ირანის გავლით ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ეწყობა და მთავარი გზაჯვარედინი ყველა მიმართულებით საქართველო ხდება. წარმოდგენა თუ გვაქვს, რა მასშტაბის გეოპოლიტიკური აქტორი შეგვიძლია გავხდეთ და რამხელა პერსპექტივა ექმნება საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერსა და სტაბილურ ქვეყანას?! ამერიკელი მაღალჩინოსნის, ჯიმ ო ბრაიენის ჩამოსვლა კი ვისაც კანონპროექტის ავკარგიანობის შეფასებისთვის და ნანუკა ჟორჟოლიანის ლობიანების დაგემოვნებისათვის გამიზნული ვიზიტი გგონიათ, თქვენთვის გზა ხსნილია ასტრალისკენ! რა კანონპროექტი, რის „ენჯეოკრატია“, გაახილეთ თვალები ხალხნო, საუკუნოვანი შანსი გვაქვს, მსოფლიო ეკონომიკურ გზაჯვარედინად ვიქცეთ და სწორედ ამას ებრძვის ყველა, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ჩართულია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.