left_sabechdi

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XIX კონფერენციაში, რომელიც მონტენეგროში, პოდგორიცაში გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და გაწევრების მოლაპარაკებების პროცესზე, განიხილეს გეოპოლიტიკური ვითარების ზეგავლენა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, კანდიდატი ქვეყნების და ევროკავშირის ურთიერთობები. დისკუსია ასევე გაიმართა რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროულად დაწყების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა კანდიდატ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობა აღნიშნეს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში გაიმართა და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კანდიდატ ქვეყნებს შორის კონსულტაციების ახალ ფორმატს.

COSAP-ის საპარლამენტო კონფერენცია, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის საერთო პლატფორმაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, მოქმედებს 2005 წლიდან. მონტენეგრომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას დელეგაციები პირველად მიიწვია აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად.

ასევე იხილეთ