left_sabechdi

ნინო წილოსანი: ვის გაქვთ უფლება ახალგაზრდები დაყოთ აქციის მონაწილეებად და მოღალატეებად?!

„ვის გაქვთ უფლება ახალგაზრდები დაყოთ აქციის მონაწილეებად და მოღალატეებად?! როგორ ბედავთ, აკერმანისეული ტაქტიკით უნივერსიტეტების ჩატებში ავრცელოთ ინფორმაცია, რომ უერთდები აქციას, თუ ხარ მოღალატეო, თქვენ მართლა ქვეყნის მოღალატეებო, თქვენ მართლა უსამშობლოებო”, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ოპოზიციას პარლამენტის სხდომაზე.

„ჩემი განცხადებით მინდა მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციაზე დგანან, მივმართო იმ ახალგაზრდებს, ვინც თავის პოლიტიკურ აქტივიზმს ქუჩაში არ გამოხატავს და სჯერა, რომ საზოგადოების დემოკრატიული გამოხატულებაა პოზიციის არჩევნებზე დაფიქსირება. მივმართავ მათ, ვისაც უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ უწევთ იბრძოლონ, თავისი განსხვავებული პოზიცია დაიცვან, რადგან ნათელი დასანახია, რამხელა წნეხი მიემართება ყველას მიმართ, ვინ ამ ბინძური პროცესის ნაწილი არ არის. სიძულვილით სავსე კამპანიის ფარგლებში, უამრავ ადამიანთან მომიწია ურთიერთობა, რადგან ჩვენი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფაშისტურ მეთოდებს რომ თითოეულ ჩვენგანზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განეხორციელებინათ, შეურაცხყოფებით ავევსეთ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ვიცავთ. ამ კამპანიაში მოაქციეთ უამრავი ახალგაზრდა.

ამ დიდი სიძულვილის მორევში ვპასუხობდი ყველას, ვინც მწერდა. სასიხარულოდ აღმოვაჩინე ახალგაზრდები, რომელიც თავიანთი ქვეყნის სიყვარულით გამოირჩევიან, თუმცა ამ პოლიტტექნოლოგების, ამ ბინძური ტექნოლოგიების მართულ პროცესში მათი ეს სიყვარული სამწუხაროდ, მავნებლური მიმართულებით წარმართეთ. აღმოვაჩინე ახალგაზრდები, რომლებიც უცხოეთიდან უზომოდ გულშემატკივრობენ საკუთარ ქვეყანას, მაგრამ აქ დარჩენილ, ამ სამარცხვინო ხალხის დამსახურებით, საშინელ დეზინფორმაციას იგებენ საკუთარ ქვეყანაზე და იმედგაცრუებულები რჩებიან. აღმოვაჩინე ადამიანები და ახალგაზრდები, რომლებიც გულწრფელად ნანობდენ, რომ ამ სიძულვილის მონაწილეები გახდნენ, თუმცა მათი გულახდილი ბოდიში აბათილებდა ყველა იმ ცუდ საქციელს და ცუდ მესიჯს, რომელიც აქამდე მომწერეს. ამას მიღმა, რაც მთავარია, აღმოვაჩინე უამრავი ახალგაზრდა, რომელიც ამ დიდი წნეხის და შეურაცხყოფების მიუხედავად, არ მოექცა მასების მართვის პროცესებში.

ასეთ ვითარებაში მყარად დარჩე შენს პოზიციაზე და არ გადახვიდე სხვების ვიწრო ინტერესების დასაცავად, რომლებიც პატრიოტიზმის საფარქვეშ არიან ამოფარებულები, უფრო დიდი გმირობაა, ვიდრე გახდე ვიღაცის საყვირი. ვის გაქვთ უფლება ახალგაზრდები დაყოთ აქციის მონაწილეებად და მოღალატეებად?! როგორ ბედავთ, აკერმანისეული ტაქტიკით უნივერსიტეტების ჩატებში ავრცელოთ ინფორმაცია, რომ უერთდები აქციას, თუ ხარ მოღალატეო, თქვენ მართლა ქვეყნის მოღალატეებო, თქვენ მართლა უსამშობლოებო. როგორ შედიხართ აუდიტორიებში, სტუდენტებს როგორ უნდა შეხედოთ თვალებში, როდესაც ასეთი დაპირისპირება გამოიწვიეთ?! როცა აქციის მონაწილეები ბათუმში, სკოლასთან მიდიან და მოუწოდებენ სკოლის მოსწავლეებს გამოვიდნენ და შეუერთდნენ აქციას, იქ ვხვდებით, რამდენად უსუსურია თქვენი მცდელობა, ქართული კანონი გაყიდოთ „რუსულად“. ვინ მოგცათ უფლება, გმირების ნაშენები ქვეყანა დაანგრიოთ. ვინ მოგცათ უფლება, ამ სლოგანებს ამოფარებულებმა, რევოლუციები მოაწყოთ. ქვეყანა თავის ადგილას დგას, დაიცავს თავის სუვერენიტეტს, ისტორიას და დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა წილოსანმა.

ასევე იხილეთ