ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდეს ქართული კანონი, რომლის მიზანია გამჭვირვალობა შემოსული თანხების და მიზნობრიობის გამჭვირვალობა
„როგორ შეიძლება გამჭვირვალობას ჰქონდეს ალტერნატივა, როგორ შეიძლება ვინმე ამბობდეს, რომ გამჭვირვალობა არ მოსწონს”, – ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„დღეს თქვენ იხილეთ ის მასკარადი, რასაც დგამდა რადიკალური ოპოზიცია. რედაქციული შენიშვნაც კი ვერ დასვეს. ვერ დასვამდნენ იმიტომ, რომ ობიექტურად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მათი რეალური სახე, საბოლოოდ კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდეს ქართული კანონი, რომლის მიზანია გამჭვირვალობა შემოსული თანხების და მიზნობრიობის გამჭვირვალობა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
84 მომხრე, 30 წინააღმდეგი – პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო.