ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ხელი მოვაწერეთ და მხარი დავუჭირეთ ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის განმტკიცებას, ყოველგვარი სანქცირება და ა.შ. ეს არის მეასე ხარისხოვანი

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ და მხარი დავუჭირეთ ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის განმტკიცებას”, – ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ამ კანონზე ხელის მოწერა ნიშნავს თუ არა, მათ შორის, მის სანქცირებაზე ხელმოწერასაც.
ანრი ოხანაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ქვეყნის ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.
„ჩვენ მხარი დავუჭირეთ ჩვენი საზოგადოების უფლებას იცოდეს რა თანხები შემოდის, როგორ იხარჯება და რა მიზნით. შესაბამისად, ყოველგვარი სანქცირება და ა.შ. ეს არის მეასე ხარისხოვანი.
ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ ბოლომდე. ვერავინ ვერაფრით ვერ შეგვაშინებს. დაიმახსოვროს ყველამ – ჩვენ სამშობლოს არ ვყიდით! ჩვენ ვიცავთ ამ ხალხის და ქვეყნის ინტერესებს, რომლის დაკვეთაც არის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და თავი ავარიდოთ ამ ქვეყანაში რევოლუციური და რადიკალური პროცესების განვითარებას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
84 მომხრე, 30 წინააღმდეგი – პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო.