leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეკა სეფაშვილი: მივმართავ მოსახლეობას, ნუ შეგეშინდებათ

„ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის ხდება ძალიან მნიშვნელოვანი მათი ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს არის არა მარტო ევროკავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევა, რომლის გადაწყვეტაშიც საქართველოს ენიჭება ცენტრალური როლი,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სეფაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა და იმ საერთაშორისო პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოს უდიდეს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ანიჭებს.

„მოგეხსენებათ საქართველოს წინაშე თვისობრივად ახალი ეპოქა დგება. ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გლობალური როლის გაძლიერების და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის პერიოდი. ამ პერიოდში უპრეცედენტოდ ინტენსიურია ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები. შეგახსენებთ მოკლედ – ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, ვიზალიბერალიზაცია, წევრობის კანდიდატის სტატუსი. მივმართავ მოსახლეობას – ნუ შეგეშინდებათ – ეს ის მიღწევებია, რომლებსაც ბოლომდე დავიცავთ. ეს ის მიღწევებია, რომელსაც არაფერი ემუქრება, იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობა ემყარება არამარტო ორმხრივ პოლიტიკურ სარგებელს, არამედ ორმხრივ ობიექტურ და პრაგმატულ ეკონომიკურ საფუძველს და ინტერესებს. ეს სიტყვები უბრალო სიტყვებად რომ არ დარჩეს, მოვიყვან რამდენიმე არგუმენტს, იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ობიექტურია ჩვენი და ევროკავშირის ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესი.

პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის ხდება ძალიან მნიშვნელოვანი მათი ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს არის არა მარტო ევროკავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევა, რომლის გადაწყვეტაშიც საქართველოს ენიჭება ცენტრალური როლი ევროკავშირისათვის. მოგეხსენებათ ახლა მიმდინარეობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ტექნიკური კვლევა, რომელიც ივნისში დამთავრდება და მომავალ წელს ჩატარდება გეოფიზიკური კვლევა, რის შემდეგაც ის მალე ამოქმედდება. შესაბამისად, საქართველო იქნება მნიშვნელოვანი ტრანზიტი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის”, – განაცხადა სეფაშვილმა.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც საქართველოს დიდი როლი აქვს, არის ტრანსკავკასიური საერთაშორისო მარშრუტი.

„მეორე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც საქართველოს გლობალური სამრეწველო უსაფრთხოებს განმტკიცებაში გლობალური როლი ენიჭება, არის ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი, რითაც აზია, ჩინეთი და ცენტრალური აზია საქართველოს გავლით ევროკავშირს უკავშირდება. მხოლოდ გასულ წელთან შედარებით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გავლით, როგორც სარკინიგზო, ასევე, საზღვაო გადაზიდვების საშუალებით, საქართველომ წინა წელთან შედარებით 47%-ით მეტი ტვირთი გადაამუშავა. ეს არის რეალური რიცხვები და არა – უარგუმენტო განცხადებები, რომლითაც ასე ცნობილია ოპოზიცია. ასევე, ინოვაციების თვალსაზრისით, ჩვენი ეკოსისტემა ძალიან მიმზიდველია საერთაშორისო ინვესტიციებისათვის და ამ ფაქტის გასამყარებლად მხოლოდ ერთ რიცხვს მოგიყვანთ: საქართველოს მთავრობამ 38 მილიონი ლარი დახარჯა ინოვაციური სტარტაპების განსავითარებლად და უკვე დღეს ამ ინოვაციებმა ნახევარი მილიარდი ლარის შემოსავალი მოიტანა. სწორედ ამიტომ ინტერესდება მსოფლიო დღეს ჩვენი ინოვაციური პოტენციალით. ამ წლის მონაცემებით ჩვენი ეკონომიკური ზრდა 7,8 %-ია, ხოლო, სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე დიდი, დაახლოებით, 5%. ეს არის ის ეკონომიკური მიღწევები და ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს. ოღონდ, ამისთვის საჭიროა მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება და სწორედ ამას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. სწორედ ამის ხელის შეშლას ცდილობენ. ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ ზრდას; ცდილობენ, დღეს, მიტინგზე გამოსული ხალხი, როგორც უმრავლესობა, ისე წარმოაჩინონ. ისინი სინამდვილეში უმცირესობაა, ოღონდ, ძალადობრივი მეთოდებით მომუშავე უმცირესობა, რომელთა ძალადობა არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან დაგმობილი არ გვინახავს, რაც მათი ორმაგი სტანდარტების ნათელი გამოხატულებაა. უფრო მეტიც, მცირეწლოვან ბავშვებს მოუხმეს დასახმარებლად, ისე გაუჭირდათ.

არც კი რცხვენიათ, რომ თავიანთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში პატარა ბავშვებს რთავენ. მომიტინგეებს მივმართავ, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მართლა გულწრფელად დგანან აქციებზე, სჯერათ, რომ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან და არავითარი მატერიალური ინტერესი არ აქვთ – დაუსვით თქვენ თავს კითხვა: ვის გვერდზე დგახართ, ვის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებით, ვისი პოლიტიკური ამბიციების განხორციელება გინდათ? კარგად დაფიქრდით და თუ მართლა ქვეყნის უკეთესი მომავალი გსურთ, ისწავლეთ, იშრომეთ და ისე გამოადექით თქვენ სამშობლოს, რომელსაც საქართველო ჰქვია და რომელიც ერთია. წინ საქართველოს უკეთესი მომავლისკენ”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე იხილეთ