საქართველოს პარლამენტის წევრებმა გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტში გამართული ანგარიშის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ ბაია კვიციანმა, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში გამართულ საქართველოს ანგარიშის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა.
ეროვნული ანგარიშის განხილვა მოიცავდა ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შესრულების მდგომარეობის შესახებ საქართველოს მე-5 და მე-6 გაერთიანებულ ანგარიშებს.
საქართველოს დელეგაციამ კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში, კონვენციის დებულებების შესრულებისა და ბავშვის უფლებათა დაცვის განმტკიცების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
პარლამენტის წევრებმა ისაუბრეს ბავშვის უფლებათა დაცვის მარეგულირებელი ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
დელეგაციის წევრებმა, დადგენილი პროცედურის შესაბამისად, სექტორულ ჭრილში უპასუხეს კომიტეტის წევრთა შეკითხვებს.