გივი მიქანაძე: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ შანტაჟს არასოდეს არ დაექვემდებარება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესებს
„ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი და თავისი ოჯახის სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლილიყო ამ ქვეყანაში და ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა დამკვიდრებულიყო და ჩამოყალიბებულიყო”, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე დღეს ფაქტობრივად არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება. დეპუტატის განმარტებით, 2 მილიარდ დოლართან დაკავშირებით ივანიშვილს ყველა საერთაშორისო სასამართლოში აქვს მოგებული პროცესები, თუმცა განაჩენები აღსრულებას არ ექვემდებარება.
„ამიტომ ვამბობთ, რომ ის ფაქტობრივად არაფორმალურად იმყოფება სანქციების ქვეშ. შესაბამისად, თუ რამე შანტაჟზეა საუბარი, ეს არის სწორედ [შანტაჟი] ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რომ ის არანაირ შანტაჟს არასოდეს არ დაექვემდებარება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის და ქართული საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა მიქანაძემ.