leaderboard_below_slide
left_sabechdi

სენატში „რესპუბლიკელების“ ლიდერი უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტზე: ისტორიაში ჩაიწერება, რომ სენატს არ უყოყმანია

„ისტორიაში ჩაიწერება, რომ სენატს არ უყოყმანია“, – ამის შესახებ აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელების” ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

„ისტორია ყველაფერს თავის ადგილას ალაგებს. და დღეს, ამერიკული ლიდერობისა და ძალის ღირებულებებით, ისტორიაში ჩაიწერება, რომ სენატს არ უყოყმანია“, – განაცხადა სენატში „რესპუბლიკელთა“ ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა.

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილი 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი საბოლოოდ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დახმარების პაკეტზე კენჭისყრა სამშაბათს დილით გაიმართა, მას 70 სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 29 წინააღმდეგ წავიდა. დახმარების პაკეტის მხარდაჭერებს შორის 22 „რესპუბლიკელი“ სენატორია, მათ შორის სენატის „რესპუბლიკური“ უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი.

აღნიშნული პაკეტი მოიცავს 60 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინისთვის, 14.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას ისრაელისთვის, ასევე 9.2 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ღაზაში, დასავლეთ სანაპიროსა და უკრაინაში, 4.8 მილიარდი დოლარის დახმარებას პარტნიორებისთვის ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, დამტკიცების შემდეგ პაკეტი ქვედა პალატაში, წარმომადგენელთა პალატაშიც, უნდა დამტკიცდეს. ამ მომენტისთვის უცნობია, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი მაიკ ჯონსონი თუ გამართავს აღნიშნული პაკეტის დამტკიცებაზე კენჭისყრას.

ასევე იხილეთ