ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სამართალდამცავებს აქვთ ნიღბების ტარების უფლება, თუმცა ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ მომიტინგეებს
„რაც შეეხება ინცინდენტებს, გამოძება არის დაწყებული, მათ შორის, პერსონალური გამოძიება, მთელ რიგ საქმეებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, დავით ქაცარავასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სამართალდამცავებს აქვთ ნიღბების ტარების უფლება, თუმცა ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ მომიტინგეებს.
„რაც შეეხება ინცინდენტებს, გამოძება არის დაწყებული, მათ შორის, პერსონალური გამოძიება, მთელ რიგ საქმეებთან დაკავშირებით. ეს გამოძიება, ბუნებრივია, გრძელდება. რაც შეეხება ჩართულობას, სამართალდამცავები წყვეტენ ამას სტანდარტების მიხედვით, აგრძელებს თუ არა შესაბამისი პირი მონაწილეობას შესაბამის მოქმედებებში. რაც შეეხება ნიღბებს, ნიღბების ტარება სამართალდამცავების მიერ ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. საინტერესო ის არის, რომ ნიღბების არ ტარება მომიტინგეების მხრიდან არის ასევე ფართოდ გავრცელებული ევროპაში, ამერიკაში. ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით, მომიტინგეების მიერ ნიღბების ტარება სისხლის სამართლებრივად ისჯება. წესით, სამართალდამცავებს აქვთ ნიღბების ტარების უფლება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თუმცა ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ მომიტინგეებს, თუმცა, აქაც, საქართველოში მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტი.
პოლიციელები დღესაც უნიღბოდ გამოდიან, მაგრამ, როდესაც გამოდის სპეცრაზმი, აქ არის სტანდარტი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არის ევროპული და ამერიკული სტანდარტი. თავისი მიზეზი და ახსნა აქვს ამ ყველაფერს. ამოცნობადი არ უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პრემიერმა.