ალუდა ღუდუშაური: მგონი კითხვის ნიშანი აღარ რჩება არავის, რომ ჩვენ „ქართული ოცნება“ ვართ ის ძალა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ეროვნული ინტერესის წინაშე
„მე მგონი კითხვის ნიშანი აღარ რჩება არავის, რომ ჩვენ „ქართული ოცნება“ ვართ ის ძალა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ეროვნული ინტერესის წინაშე”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„როდესაც ვამბობდით, რომ ისინი არიან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, მაშინ ვიღაცებისთვის ეს შეიძლება ღიმილისმომგვრელი ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ მორიგ ჯერზე მართლები აღმოვჩნდით. დიახ, დღეს დადასტურდა, რომ ამ ყველაფრის სათავეში არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მე დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდანაც მივმართე ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც აქციებზე დგანან. მეგობრებო, რას ვაკეთებთ? მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი, გვარამია – ესენი მოგყავთ ხელისუფლებაში? არანაირი „ლელო“, რა „გირჩი – ჯაფარიძე“, რა ვაშაძე? გადახედეთ მათ წარსულ საქმიანობას. ყველანი ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული რადიკალები არიან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია“, – მიიჩნევს ღუდუშაური.