შალვა პაპუაშვილი: ჯიმ ო’ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობა საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხია და კარგია, რომ ჩვენ ამ საკითხზე ვთანხმდებით
„ძალიან კონსტრუქციული, საინტერესო, ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა ბატონ ო’ბრაიენთან. მიხარია, რომ მან რამდენიმე საკითხი ახსენა, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ინტერესის საკითხია საქართველოსთვის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა და კარგია, რომ ამ მხრივ ჩვენ ვთანხმდებით ამ საკითხზე. მოხარულია ვარ, რომ მან ეს ბრიფინგზეც ახსენა და ხაზი გაუსვა ამ საკითხს და ეს აღიარებულია”, – ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრა, რომელიც გუშინ გამართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა ის ფაქტი, რომ ჯიმ ო’ბრაიენმა გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას არ გამოიყენა ტერმინი „რუსული კანონი“ და აღნიშნა, რომ იარლიყებით მსჯელობა ზუსტადაც რომ არაევროპული და არადასავლური მიდგომაა საკითხის მიმართ.
„ამავე დროს გვქონდა საუბარი ამერიკული დაფინანსების მიმართ ჩვენს გარკვეულ კითხვებზე, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ. ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის დაფინანსებებზე. არაერთხელ მითქვამს, რომ სხვადასხვა აქტორთან გვაქვს ამაზე თანხმობა, რომ ნამდვილად არის გაუმჭვირვალე ეს დაფინანსება ნაწილობრივ და ნამდვილად არის გარკვეული კითხვის ნიშნები ზოგიერთ პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი წუხილები გავაცანით საკითხთან დაკავშირებით. თავისთავად, ეს კანონი ეხება ბევრ საკითხს. ჩვენ რთულ რეგიონში ვართ და ეს ეხება ბევრ გავლენას სხვადასხვა მხრიდან, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა მიმართულებები. თუმცა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები გამოხატავენ წუხილს, რა თქმა უნდა, მათთან ვსაუბრობთ და მაგალითებითაც ვესაუბრებით, სად ვხედავთ მათი სივრციდან წამოსულ გამოწვევებს, რომ არის ფონდები, რომლებიც საქართველოში სამწუხაროდ არაგამჭვირვალედ ხარჯავენ თანხებს.
არაერთხელ მითქვამს, რომ ერთი წელი დავხარჯე იმაზე შარშან, პროექტის ინიცირების შემდეგ, რომ დამერწმუნებინა ეს ფონდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები, რომ თავად უზრუნველეყოთ გამჭვირვალობა. სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიე, მათ შორის ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით. ამიტომ კანონმდებლის ვალდებულება არის, ქართველი ხალხის სახელით მოაწესრიგოს ეს სფერო, რაც გუშინ ბატონმა ო’ბრაიენმაც აღნიშნა, რომ ეს არის ეროვნული ინტერესის საკითხები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.