შალვა პაპუაშვილი: საფრთხეები და შანტაჟი არ არის ის ენა, რომლითაც პარტნიორები ერთმანეთთან საუბრობენ – ევროკავშირის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დაგვეთანხმნენ იმ აზრში, რომ ევროპული ფული ნაწილობრივ არაგამჭვირვალედ იხარჯება
„საფრთხეები და შანტაჟი არ არის ის ენა, რომლითაც პარტნიორები ერთმანეთთან საუბრობენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როიგორც შალვა პაპუაშვილმა 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ ევროპული ფული ნაწილობრივ არაგამჭვირვალედ იხარჯება.
„აქვთ გარკვეული წუხილები და მოსაზრებები, ჩვენ მათ გავუზიარეთ ჩვენი წუხილები იმ პრაქტიკის გამო, რომელიც მათ შორის ევროპული ფულის ხარჯვასთან არის დაკავშირებული, რომელიც ნაწილობრივ არაგამჭვირვალედ იხარჯება და იხარჯება მათ შორის პოლიტიკური მიზნებისთვის.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს და დაგვეთანხმნენ იმ აზრში, რომ ევროპული ფული ნაწილობრივ არაგამჭვირვალედ და პოლიტიკური მიზნებით იხარჯება. ეს არის ნაწილი დიალოგისა – როგორც სანქციებთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ ვიყავით მართლები, აქაც შევეცდებით დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები, რომ შეიძლება აღქმები შექმნილი ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ფაქტებს მივყვებით და საბოლოო ჯამში ფაქტები იმარჯვებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.