ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვის მთავრობის გადადგომას დაეთანხმა, – ინფორმაციას მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვწყვეტ: მივიღო ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობები დროებით დავაკისრო რომან სკლიარს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
ამასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაევალათ, განაგრძონ თავიანთი მოვალეობების შესრულება ახალი მთავრობის დამტკიცებამდე.
სკლიარს, მანამდე, პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა, ყაზახეთის მთავრობას კი ალიხან სმაილოვი ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტმა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2022 წლის იანვარში დანიშნა, 2023 წლის მარტში კი, პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების შემდეგ, ხელახლა დანიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებიათ.