ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში მადრიდის „რეალის“ ლეგენდამ, გუტიმ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმოწერასა და „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელთან მეგობრობაზე ისაუბრა.
„ხვიჩა ძალიან მომწონს. მას პირადად არ შევხედრივარ, მაგრამ ეს არის სოციალური ქსელების ერთ-ერთი დადებითი მხარე – არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ, ნებისმიერ დროს შეგიძლია, ადამიანს დაელაპარაკო. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ბავშვობაში მისი ერთ-ერთი კერპი ვიყავი, ავტოგრაფიანი მაისური გავუგზავნე. კვარაცხელია ახლა იმ სპორტული კომპანიის სახეა, რომელთანაც ვთანამშრომლობ – იქიდან ინსტაგრამზე ერთმანეთს დავუმეგობრდით და ვილაპარაკეთ.
რას ნიშნავს ჩემთვის, რომ კვარაცხელიას ბავშვობის კერპი ვარ? რა თქმა უნდა, ეს არის ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი – შენი თამაშით ბავშვებს ფეხბურთი შეუყვარდეთ, თამაში დაიწყონ და მომავალში პროფესიონალები და დიდი ვარსკვლავები გახდნენ, როგორც ხვიჩას შემთხვევაში მოხდა. ჩვენ ყველა ასე გავიზარდეთ, რომელიმე მოთამაშით აღფრთოვანებული ვიყავით და ეს ძალიან სასიამოვნოა“, – განაცხადა გუტიმ.
გავრცელებული ინფორმაციების მიუხედავად, კვარაცხელია, დიდი ალბათობით, „ნაპოლიში“ დარჩება, რადგან ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერიდან კლუბი დაახლოებით 120-130 მილიონ ევრო მიიღებს და ნეაპოლელებს ქართველი ლიდერის პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობა გაუჩნდებათ.