leaderboard_below_slide

ნიკო მანაგაძე: ოპოზიციისგან იყო ინიციატივა, რომ საერთო ფორმატი შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნებიან პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ერთიანი ძალით დავუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“

„გუშინ ოპოზიციისგან იყო ინიციატივა იმის შესახებ, რომ საერთო ფორმატი შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნებიან როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ერთიანი ძალით ამ ფრონტზე დავუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს ჯერ კიდევ სამსჯელოა, ფორმირების პროცესშია და ალბათ, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება და საზოგადოებასაც ეცნობება“, – ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა ნიკო მანაგაძემ „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა.

როგორ მანაგაძემ აღნიშნა, საზოგადოების დაკვეთა არის ერთობა. მისივე თქმით, თუ მოხერხდება, რომ ოპოზიცია ერთიანი დღის წესრიგით გავიდეს არჩევნებზე და მათ შორის, გიორგი გახარიაც დაინახავს საკუთარ თავს ამ გაერთიანებაში, მაშინ გაერთიანების იდეა შესაძლოა ეფექტური იყოს.

„საზოგადოების დაკვეთა არის ერთობა. ოპოზიციის მიმართ მუდმივად გვესმის მოწოდება ერთობისკენ. თუმცა, მე არ ვხედავ საჭიროებას და ზოგადად ვერ ვხედავ შესაძლებლობას ოპოზიციაში, რომ ოპოზიცია საერთო კონფიგურაციით გავიდეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ არჩევნებზე იმიტომ, რომ ცალკეული პოლიტიკოსების რიტორიკა ამას აჩვენებს, მაგალითად, გახარიასი. თუმცა, ასევე მითხრეს, გუშინ თქვენს ეთერში ყოფილა ჩართვით გახარია და დასტაბილურებული აქვს ამ მხრივ რიტორიკაო და ხედავს ერთობის შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში, თუ მოხერხდება, რომ ოპოზიცია ერთიანი დღის წესრიგით გავიდეს ამ არჩევნებზე და მათ შორის, გიორგი გახარიაც დაინახავს, თუნდაც საკუთარ თავს ამ გაერთიანებაში, მაშინ შესაძლოა ეფექტური იყოს, თუ ამომრჩეველს არჩევნებზე შევთავაზებთ ორ ძირითად მხარეს – ეს არის მთელი გაერთიანებული ოპოზიცია და მეორე მხრივ, რუსული რეჟიმი. თუმცა, თუ ეს ვერ მოხერხდა, მე არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ფრაგმენტირება სწორი იქნება, ანუ, ცალკე დარჩეს „ოცნება“, ცალკე გახარიასგან დანარჩენი ოპოზიცია, ცალკე გახარია და ა.შ.“, – განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

ასევე იხილეთ