საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა. NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა NATO-ს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი და გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და პერსპექტივებზე. აღინიშნა თავდაცვის ძალების განვითარებასა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებაში NATO-სთან თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელოვანი როლი. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.

ადმირალ ბაუერთან შეხვედრის შემდეგ, NATO-საქართველოს თანამშრომლობის დეტალები გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა NATO-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის დირექტორთან, გენერალ ლეიტენანტ იანუშ ადამჩაკთან განიხილა. საუბარი შეეხო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, NATO-საქართველოს სწავლების დაგეგმვის საკითხსა და სამხედრო თანამშრომლობის სხვა მიმართულებებს.

 

NATO-ს შტაბ-ბინაში თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანელ, ფრანგ, რუმინელ და სლოვაკ კოლეგებს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ასევე იხილეთ