შალვა პაპუაშვილი: ამ კონსტიტუციისთვის სალომე ზურაბიშვილს სისხლი არ დაუღვრია, ამ კონსტიტუციისთვის ქართველმა ხალხმა ვიბრძოლეთ
„დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი რაიმე ღირებულებას ხედავდეს ქართულ კონსტიტუციაში. ეს კონსტიტუცია მისი არ არის. ამ კონსტიტუციისთვის მას სისხლი არ დაუღვრია, არ უბრძოლია. ამ კონსტიტუციისთვის ქართველმა ხალხმა ვიბრძოლეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს კონსტიტუცია თავისად არ მიაჩნია.
„ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, იმ კონსტიტუციისა, რომელიც მას არ აინტერესებს – ეს გავიგეთ უკვე რამდენჯერმე და ამიტომ დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ იგი რაიმე ღირებულებას ხედავდეს ქართულ კონსტიტუციაში. ეს კონსტიტუცია მისი არ არის. ამ კონსტიტუციისთვის მას სისხლი არ დაუღვრია, არ უბრძოლია. ამ კონსტიტუციისთვის ქართველმა ხალხმა ვიბრძოლეთ, ვინც აქ ვიყავით – ბავშვები, თინეიჯერები, მოზრდილები თუ ზრდასრულები, ჩვენ ვიბრძოლეთ ამ კონსტიტუციისთვის. მას ეს კონსტიტუცია თავისად არ მიაჩნია და ეს არის შედეგი! კონსტიტუცია თუ გულთან ახლოს არ არის, მას ისე თელავ, რომ ამაზე არანაირი ემოციაც კი არ გიჩნდება. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა.
რაც შეეხება ჯგუფების ლიდერობას, ამას ისედაც ვხედავთ, რაც და როგორ არის. სინამდვილეში, ოპოზიციაში არანაირი საკუთარი ნება არ გააჩნიათ. მათ გარედან რა კომბინაციით დაულაგებენ, თუ როგორ უნდა იყვნენ, ზუსტად ისე დალაგდებიან არც მეტი, არც ნაკლები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.