“ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება – აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე კომენტირებისას.
ოპოზიციამ დღეს ააგორა კამპანია, თითქოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონში მესამე მოსმენისას შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად, დეკლარაციის შეუვსებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება.
როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მესამე მოსმენით განხილვისას ცვლილება კანონში არავის შეუტანია და ვერც ვერავინ შეიტანდა, ვინაიდან მესამე მოსმენა რედაქციული ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს.
„ჯერ არ კითხულობდნენ, არ გვაინტერესებს რა წერია კანონშიო და ახლა რაღაც წაიკითხეს და ისიც უკუღმა. არავითარი ცვლილება მესამე მოსმენისას კანონში არ შესულა და ვერც შევიდოდა, იმიტომ, რომ მესამე მოსმენა რედაქციულია. მით უმეტეს, არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას კანონში არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.