leaderboard_below_slide
left_sabechdi

CNN: ისრაელის სამხედროებმა ღაზაში 3 მძევლის ცხედარი იპოვეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში მდებარე გვირაბში „ჰამასის“ სამი მძევლის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. წერს CNN.

მისი თქმით, გარდაცვლილები შანი ლუკი, ამიტ ბოუსკილა და იტშაკ გელერნტერი არიან.

ჰაგარის ცნობით, სამივე მათგანი 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელში მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც „ჰამასის“ ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს. მათ ფესტივალიდან გაქცევა მოახერხეს, თუმცა ღაზას სექტორის მახლობლად, მეფალსიმში ტერორისტებმა ისინი „სასტიკად“ მოკლეს.

თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, ცხედრები სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად ექიმებს გადასცეს, ამის შემდეგ კი ოჯახებს აცნობეს.

მძევლებისა და დაკარგული ოჯახების ფორუმმა ღრმა მწუხარება გამოხატა მძევლების დაღუპვის გამო. ჯგუფის თქმით, ეს არის შეხსენება იმისა, რომ დარჩენილი მძევლები ისრაელში უნდა დაბრუნდნენ.

მომხდარს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

„გული მწყდება დიდი დანაკარგის გამო. მე და ჩემი მეუღლე სარა გარდაცვლილის ოჯახებს ვუსამძიმრებთ. ჩვენი გული მათთანაა“, – წერს ნეთანიაჰუ.

ასევე იხილეთ