მიხეილ ყაველაშვილი: ევროპაში შიდა პრობლემებია – იქაც სერიოზული ზეწოლაა, რის გამოც საკუთარი სუვერენიტეტისა და ინტერესებისათვის სერიოზული ბრძოლა უწევთ ქვეყნებს
ევროპაში არსებულ კრიზისზე საუბრობს „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროპაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ არ მოექცნენ გარკვეული ძალების გავლენის ქვეშ.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სუვერენიტეტის დაცვის პროცესში საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს და სთხოვს კიდეც, არ დაიხიოს უკან. ამას, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ცხადყოფდა დღეს გამართული მსვლელობის მონაწილეების განწყობები.
„ამ ზღვა ხალხში რას გვეკითხებოდნენ იცით – ხომ არ დაიხევთ უკან, ხომ იცით, რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგასო. ამ სულისკვეთებითაა ხალხი გაჟღენთილი და ამას გრძნობს ყველა. უცხოური კვლევებითაც კი, 90 % მოსახლეობის ეკლესიას უჭერს მხარს, ენდობა და ამ ციფრზე არანაკლებია პატრიარქის რეიტინგი.
ამ ფონზე პოლიტიკოსი რომ ჩამოდის და საქართველოში ასეთ განცხადებებს აკეთებს [მაიკლ როთის განცხადება ეკლესიის წინააღმდეგ], ეს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის მათ განზრახვებს. ეს არის კრიზისი, ეს არ არის ევროკავშირი. იქაც არის აზრთა სხვადასხვაობა, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ არ იყვნენ ბრიუსელის გავლენის ქვეშ. ევროპაში შიდა პრობლემებია – იქაც სერიოზული ზეწოლაა, რის გამოც საკუთარი სუვერენიტეტისა და ინტერესებისათვის სერიოზული ბრძოლა უწევთ ქვეყნებს. ჩვენ წინსწრებით ამისთვის მომზადებულები ვართ, ჩამორჩენილები კი არ ვართ, პირიქით, მსჯელობის წარმართვის ინიციატორიც ვიქნებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.