დიმიტრი ხუნდაძე 17 მაისის აქციაზე: ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, წაგვართვას ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი – ეროვნული იდენტობა
„ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, წაგვართვას ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი – ეროვნული იდენტობა. გუშინ პატარა ერმა აჩვენა მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც მცირე ერისგან დიდი ქვეყნების პოლიტიკის წინააღმდეგ, თუკი ეს მიუღებელია ჩვენთვის“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და აფასებს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის მასშტაბურად აღნიშვნას.
ხუნდაძის თქმით, ის საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკა, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა, სრულ თანხვედრაშია საზოგადოების სურვილებთან. მან გუშინდელ შეკრებას ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა, რადგან მთელი საქართველო დადგა საკუთარი ტრადიციების, ეროვნული კულტურის, რწმენის დასაცავად.
„გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის შეხედულებებთან. ეს იყო ფაქტობრივი რეფერენდუმი. მთელი საქართველო ფეხზე დადგა საკუთარი ტრადიციების, ეროვნული კულტურის, რწმენისა და მამულის დასაცავად.
ეს იყო ისტორიული დღე. არ ახსოვს უახლეს ისტორიას ამდენი ხალხი ერთად, ერთ მუშტად შეკრული, როდესაც ყველაზე წმინდას – ეკლესიას გიგინებენ, როდესაც პატრიარქს შეურაცხყოფენ, როდესაც ოჯახებს გვინადგურებენ, როდესაც ჩვენს ახალგაზრდებს იდეოლოგიურად რყვნიან და სუვერენიტეტს გვართმევენ, ბუნებრივია, საქართველომ იფეთქა.
ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, წაგვართვას ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი – ეროვნული იდენტობა. გუშინ პატარა ერმა აჩვენა მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც მცირე ერისგან დიდი ქვეყნების პოლიტიკის წინააღმდეგ, თუკი ეს მიუღებელია ჩვენთვის. სიმართლით და ღირსებით შეკრული ერთობა ყოველთვის იმარჯვებს.
მადლობას ვუხდი სრულიად საქართველოს ამ გულანთებული ქართველობისთვის. არ დავიღლებით, ბოლომდე მივიყვანთ ერთად დაწყებულ საქმეს და საქართველოს აუცილებლად ვაქცევთ ძლიერ სახელმწიფოდ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.