თამთა მეგრელიშვილი: ზღაპრებმა, რომ ოპოზიციის აქციები და მათში ახალგაზრდების მონაწილეობა სპონტანურია, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი შეიძლება გააცუროს – აქციების გამართვა ბლოკირებით, სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობით, შეუძლებელია ტრენინგის გარეშე, ეს კი შეუძლებელია დონორების გარეშე
„ზღაპრებმა, რომ ოპოზიციის აქციები და მათში ახალგაზრდების მონაწილეობა სპონტანურია, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი შეიძლება გააცუროს. აქციების გამართვა, თან შენობების ბლოკირებით, სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობით, შეუძლებელია სწავლების, ტრენინგის (ბირთვის მაინც) გარეშე, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია ფულის, ესე იგი დონორების გარეშე“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, დონორებს ასეთი სურვილი სააკაშვილის დიქტატურის პერიოდში არ გასჩენიათ, როდესაც ნამდვილად ძალადობდა სახელმწიფო ადამიანებზე და საინტერესოა, რატომ იყვნენ იმ დროს მეგობრები ჩუმად.
„ზღაპრებმა, რომ ოპოზიციის აქციები და მათში ახალგაზრდების მონაწილეობა სპონტანურია, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი შეიძლება გააცუროს.
აქციების გამართვა, თან შენობების ბლოკირებით, სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობით, შეუძლებელია სწავლების, ტრენინგის (ბირთვის მაინც) გარეშე, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია ფულის, ესე იგი დონორების გარეშე.
მესმის, გსურდეს დაეხმარო სამოქალაქო საზოგადოებას, იყოს მზად წინააღმდეგობის გასაწევად, თუ სახელმწიფო მოქალაქეებზე უკანონოდ ძალადობს.
მაგრამ ახლა?! ამ ხელისუფლების პირობებში ეს საჭიროება ნამდვილად არ არის.
მესმის დონორებს ასეთი სურვილი გასჩენოდათ სააკაშვილის დიქტატურის პერიოდში, როდესაც ნამდვილად იყო სახელმწიფოს ძალადობა ადამიანებზე
და ადამიანების პროტესტს არაადამიანური მეთოდებით პასუხობდა სახელმწიფო.
მაშინ არც უცხოელ მაღალჩინოსან მეგობრებს ჩამოურბენიათ თავისუფლების მოედანზე მგზნებარე სიტყვების წარმოსათქმელად და არავის დაუგმია სახელმწიფო „მანქანის“ გადავლა ადამიანებზე, რომლებსაც სამართლიანი მოთხოვნები ჰქონდათ და მართლა გასაპროტესტებელს აპროტესტებდნენ.
ნეტავ რას ემსახურებოდა მაშინ „მეგობრების“ ეს სიჩუმე? პრინციპში ამას ყველა ხვდებით და მე არაფერს დავწერ და ამ კითხვას ღიად დაგიტოვებთ“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.