თეა წულუკიანი: გარკვეული გარე ძალებისთვის „ქართული ოცნება“ 2012 წელსვე იყო მიუღებელი. მაგრამ მაშინ ამ ძალებმა ვერაფერი ქნეს. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ ახლა დაარქვა ყველაფერს ხმამაღლა სახელი
„გარკვეული გარე ძალებისთვის 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ 2012 წელსვე იყო მიუღებელი. მაგრამ მაშინ ამ ძალებმა ვერაფერი ქნეს და გადაწყვიტეს არაფერი ექნათ, იმიტომ რომ ვერაფერს გააწყობდნენ და უფრო გრძელვადიანი გეგმა დასახეს”, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს ამაზე უკვე თამამად შეიძლება საუბარი, რაც შეუძლებელი იყო 5-8 წლის წინ.
„დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გეგმა, რომელიც გულისხმობდა, რომ რომლითაც და რაც შეიძლება მალე საარჩევნო ციკლის ბოლოს „ქართული ოცნება“ მოეშორებინათ ხელისუფლებიდან. ამიტომაც იყო მუდმივი ნჯღრევა, მუდმივი დასუსტება, მუდმივი მცდელობა გადმოგდების, ჩამონგრევის, გადატრიალების და დასუსტების.
დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ ახლა დაარქვა ყველაფერს ხმამაღლა სახელი. რა თქმა უნდა, მეც ბევრს ვფიქრობ იმაზე, ხომ არ ჯობდა ამაზე უფრო ადრე ისეთივე ღია საუბარი, როგორიც ახლა ხდება. ამაზე ცალსახა პასუხი, რა თქმა უნდა, არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან მძიმე კონტექსტში მოვიდა სახელმწიფოს სათავეში, მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად და ხელისუფლებასაც სჭირდებოდა გაძლიერება, იმისთვის რომ ასეთი დიდი საფრთხეებისა და გამოწვევებისთვის ასე ღიად ეპასუხა. მაგრამ ალბათ ის მაინც შეიძლებოდა, რომ ცოტა უფრო ღიად, ყოველ წელს ცოტ-ცოტა მინიშნება და შენიშვნა მიგვეცა ზოგიერთი უცხოელი „მეგობრისა“ თუ „პარტნიორისთვის“.
ამჟამად მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ ჩვენ მშვიდობიანად მივალთ არჩევნებამდე და არჩევნებზე, რომელიც ელექტრონული წესით იმართება თან პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ვაჩვენებთ კვლავ კარგ შედეგს, თუ არა საუკეთესოს და ვაჩვენებთ იმას, რომ ქართველ ამომრჩეველს უნდა სტაბილურობა, მშვიდობა, უნდა რომ ჩვენი მომავალი თაობა ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებოდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო – ამის გარეშე საქართველოს გადარჩენა არ უწერია“, – განაცხადა წულუკიანმა.