ჟირონას მეკარეთა მწვრთნელმა ხუან კარლოს ბელაგერმა, რომელმაც 6 სეზონი ვალენსიაში გაატარა, “დიარიო AS-თან” ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. 19 მაისს, სეზონის ბოლოსწინა ტურში ვალენსია “მესტალიაზე” სწორედ ჟირონას მასპინძლობს.
“გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია. როცა ვალენსია ჟირონაში იყო, მე მის მწვრთნელ ოჩოტორენას ვესაუბრე. ის ახალგაზრდაა და საოცარი მონაცემები აქვს. გიორგი ვითარდება და სულ უფრო ძლიერი ხდება. ამ სეზონში ვალენსია რამდენიმე ქულას პირადად მას უნდა უმადლოდეს.
ამ სეზონში მამარდაშვილი განსაკუთრებულად სანახაობრივი და საიმედოა. ის უკვე ტოპგოლკიპერია. რამე თუ არ შეიცვალა, ის ლა ლიგის გრანდში წავა, ან სულაც პრემიერლიგაში. მას ისეთი მონაცემები და ასაკი აქვს, რომ პრემიერლიგის კლუბები მის გამო დიდ აუქციონს მოაწყობენ. არ ვიცი, რა ღირს გიორგი – 30-35 მილიონი ევრო, მაგრამ ერთი რამ ვიცი, კლუბები მის სანაცვლოდ დიდ ფულს არ დაიშურებენ, იმიტომ, რომ ის უკვე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა”.
შეგახსენებთ, რომ ვალენსიამ ევროთასების საგზურის მოპოვების შანსი დაკარგა. გიორგიმ ამ სეზონში ლა ლიგაში 1 მატჩის გარდა ყველა ითამაშა და 35 შეხვედრაში 36 გოლი გაუშვა. ამ სეზონში 13 მატჩში მას გოლი არ გაუშვია.