leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო კვაჭანტირაძე: ღმერთო, გაუღე სასუფევლის კარი ადამიანს, ვისაც სხვისი გახარება ასე ჩუმად შეეძლო!

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლები – უიმედობა, უშუქობა, რიგები პურზე,… ქვეყანა ბევრი რეფორმის წინაშე იდგა, ჯანდაცვა და სადაზღვევო კომპანიების შექმნა კი ერთ-ერთი უმთავრესი იყო. მინისტრ ავთო ჯორბენაძეს სამედიცინო დაწესებულებებში შეხვედრიდან შეხვედრაზე დავყვებოდი და “დილის გაზეთის” რედაქციაში სულ ბოლოს ჩემი წერილი მზადდებოდა. ამ დროს, სახლში ბებიასთან ერთად პატარა ვაკო მელოდებოდა… ცუდი დრო იყო იმითაც, ფული ბევრიც რომ გქონოდა, ჭირდა ახალშობილის კარგი საკვების შოვნა. ერთ დღესაც სამსახურში მისულს მაგიდაზე დიიიიდი ყუთი დამხვდა, შიგ ბეეეეევრი ლურჯზოლიანი, ბავშვის საკვები “ნანი”-ს კოლოფი ეწყო. დამლაგებელმა მითხრა, ვიღაც ბიჭი იყო და შენთვის დატოვაო. სიხარულით გადავირიე, მაშინ ეს ყველა ძღვენზე და საჩუქარზე მეტი იყო.. რამდენიმე თვის მერე ისევ რომ განმეორდა, დამლაგებელს ვთხოვე, კარი არავისთვის გაეღო და არ დაეტოვებინა ასეთი ყუთი, რადგან მართლა ვერ გავიგე, ვინ იყო ‘კონსპირაციული” საჩუქრის ავტორი.

წლები გავიდა და ერთ თავყრილობაზე ავთო ჯორბენაძე შემხვდა, მივესალმე, მომიკითხა და გაცინებულმა მკითხა, – რას შვება ბიჭი, დაიწყო მწვადის ჭამა და ღვინის დალევა თუ ისევ საბავშვო საჭმელს

მიირთმევსო…ყველაფერს მაშინ მივხვდი, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, წესიერად მადლობა ვერ გადავუხადე, მას მერე არსად შემხვედრია, ამბავი კი ხშირად მომიყოლია, როცა ავთო ჯორბენაძეს ახსენებდნენ, ახლაც მოვყევი და მინდა უკანასკნელ გზაზე გაცილებისას მის სიკეთეებს ესეც მივუმატო…

ღმერთო, გაუღე სასუფევლის კარი ადამიანს, ვისაც სხვისი გახარება ასე ჩუმად შეეძლო!!!
მადლობა, ბატონო ავთო!”

ასევე იხილეთ