ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება
„საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ქომაგებს ევრო-2024-ის თამაშებზე დასასწრებად საქართველოდან გერმანიაში პირდაპირი ავიარეისებით მგზავრობის საშუალება ექნებათ”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მისმა უწყებამ ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავა და სუბსიდირებული ფრენები დაინიშნა.
„პრემიერმა უკვე გააკეთა განცხადება ევრო-2024 ის ბილეთებთან დაკავშირებით – 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრებს აქვს თამაშები, შესაბამისად, ეს იყო დაანონსებული. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იმუშავა, რომ კონკრეტული ჩარტერული რეისები შეგვეძინა და ჩვენს ქომაგებს თამაშებზე დასწრების საშუალება ჰქონოდათ. ვიმუშავეთ ავიაკომპანიებთან და დამატებით 3000 ქომაგი შეძლებს საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასწრებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება იყვნენ ქომაგები, რომელთაც სურთ დაესწრონ ერთ, ორ ან სამივე თამაშს, გადაწყდა, რომ ერთი მიმართულების ფასი იქნება დაფიქსირებული – 195 ევრო და ქომაგები თვითონ გადაწყვეტენ, თუ რამდენ თამაშს დაესწრებიან და შესაბამისად, რომელ თარიღებში შეიძინონ ბილეთები.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება უკვე მიმდინარე კვირის ბოლოდან, როგორც თბილისიდან, ისე ქუთაისიდან. ერთი გზის ბილეთის ფასი სუბსიდირებით 195 ევრო იქნება, შესაბამისად, ორი გზის ფასი – 390 ევრო.
„ჩვენ მაქსიმალურ მოქნილობას ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს. რამდენიმე ათასი ბილეთია შეძენილი საქართველოში და როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძალიან ბევრმა მოქალაქემ უკვე მოახერხა ავიაბილეთების როგორც ტრანზიტული გზით, ისე პირდაპირი მიმართულებებით შეძენა. აქაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით საქართველოში ოპერირებად ყველა კომპანიასთან – მათ მაქსიმალურად დაამატეს ფრენები. გვქონდა გარკვეული შეღავათები ამ კომპანიებისთვისაც – მაგალითად, „ვიზეარს“ ჰქონდა საკმაოდ ეკონომიური პაკეტები შეთავაზებული მოქალაქეებისთვის და დამატებით არაერთი ფრენა დაემატა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება. სუბსიდირებული ავიაბილეთების შეძენის საშულება იმ მოქალაქეებს ექნებათ, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩებზე დასასწრები ბილეთები.