top_leaderboard
left_sabechdi

ლევან თაქთაქიშვილი: ნათელში დარჩება იქამდე, სანამ საქართველო ეროვნულ ფასეულობებს შეინარჩუნებს, და თუ საქართველომ ეს ფასეულობები დაივიწყა, მაშინ … საქართველოც აღარ იქნება!

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

„17 წლის წინ კვირა დღეს ბიბლიოთეკაში შევიარე.

სამეცნიერო დარბაზის უკან იყო ჩემი კაბინეტი და მეც მოკლეზე მოვჭერი ამ დარბაზის გავლით გზა. დარბაზის თანამშრომელმა დამინახა და CD გადმომცა . დავხედე და ვიცანი-ერთი კვირის წინ ბატონ გურამ შარაძისთვის მიცემული ფილმი რეზო თაბუკაშვილისა. ბატონმა გურამმა დაგიტოვათო. გავხსენი ყუთი და ფურცელი ჩაუდია-წარწერით-ლევან, დიდი მადლობა! გურამ შ[არა]ძე. ხელმოწერა ტრადიციული.

შევიტანე ოთახში და საარქივო ფონდში ავედი მესამე სართულზე. იქ ჩემმა კოლეგამ ლელა გოცირიძემ მახარა: ბატონი გურამი იყო და გვითხრა: ხვალიდან თქვენი თანამშრომელი ვარ და ემიგრაციის მუზეუმს თქვენთან გადმოვიტანო!

ახლა წავიდაო. ვიცოდი , რომ დირექტორთან ჰქონდა მოლაპარაკება , მაგრამ ასე მალე თუ გადაწყვეტდა? -გამეხარდა!

ერთ საათში მამამ დამირეკა-შვილო, ტელევიზორი ჩართე-გურამ შარაძე მოკლეს! თითქოს ყველაფერი დატრიალდა! მერე ყველაფერი იცით, რაც იყო. ჩვენ ხომ ყველაფერს ვეგუებით!

შევეგუეთ! მაგრამ მე მის სურათს რომ ვუყურებ, დღემდე ასეთი უჩვეულო რამ მემართება-თითქოს მეუბნება: ილია 1907 წელს გაიმეტეს, მე კი 2007 წელს! ის ხომ იონა მეუნარგიას და გრიგოლ ყიფშიძის-ილიას ბიოგრაფების საქმის გამგრძელებელი იყო! სიცოცხლის ბოლოც ილიასი ჰქონდა! მისი მკვლელობაც საუკუნის დასაწყისის საიდუმლოდ დარჩა, ალბათ ილიას მკვლელობასავით ბოლომდე გაუხსნელი!

მას ღმერთმა სიკვდილით ახალი სიცოცხლე აჩუქა! მისი ბევრი წინასწარმეტყველებაც ახდა! ნათელში დარჩება იქამდე, სანამ საქართველო ეროვნულ ფასეულობებს შეინარჩუნებს, და თუ საქართველომ ეს ფასეულობები დაივიწყა, მაშინ … საქართველოც აღარ იქნება!

ილიას სიტყვებით დავამთავრებ ამ ჩემს გლოვას:

„შენი ქვეყნის შვილი ქართველი რომ დააკვირდება მაგ შენს ბრწყინვალე ნავალს, მაღალის ნიჭით და მაღალის სიტყვიერებით შუქმოფენილსა, ქვეყნის წინაშე თამამად თავს მოიწონებს, რომ საქართველოს შენისთანა კაცი ჰყვანდა და იმავე დროს იგლოვებს კიდეც, რომ შენ ჰყვანდი და აღარ ეყოლები.

მშვიდობით, ჩვენო სასიქადულო მამულისშვილო”.

 

ასევე იხილეთ