left_sabechdi

მიიღე მონაწილეობა Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში და გახდი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე 11 წელია ხელს უწყობს ახალგაზრდა პროფესიონალებს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში, „საქართველოს ბანკის“ 100%-იანი სტიპენდიით განაგრძონ. მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით კი საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. 

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიის მოპოვება ყველა იმ წარმატებულ სტუდენტსა და ახალგაზრდა პროფესიონალს შეუძლია, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით სურთ.

2024-2025 წლის Fulbright-ის პროგრამაზე მიღება უკვე დაიწყო და ის პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია ბმულზე. 

Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ახორციელებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:

    • Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. ამისათვის, საჭიროა, წარმატებით ჰქონდეს დასრულებული საბაკალავრო საფეხური ან იყოს მეოთხე კურსის სტუდენტი;
    • აპლიკაციის შევსება გრძელვადიანი პროცესია. სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე;
    • სასტიპენდიო პროგრამის აპლიკანტებს აქვთ შესაძლებლობა, თავად მოიძიონ სასურველი უნივერსიტეტები, განაცხადში კი დაასაბუთონ, თუ რატომ სურთ შერჩეულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება;
    • აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ გასაუბრებაში;
  • შერჩეულ აპლიკანტებს კი ოქტომბერში ტესტების ჩაბარება მოუწევთ. Fulbright-ის პროგრამა 3 ტიპის ტესტს მოიცავს: TOEFL, GRE და GMAT. TOEFL-ის ტესტს აბარებს ფინალურ ეტაპზე გადასული ყველა მონაწილე იმის მიუხედავად, აქამდე უსწავლიათ თუ არა ინგლისურენოვან ქვეყანაში. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სწავლის გაგრძელების მსურველებმა TOEFL-თან ერთად GMAT-ის გამოცდა უნდა ჩააბარონ, სამართლის მიმართულებით სტუდენტები კი მხოლოდ TOEFL-ის გამოცდას აბარებენ. ყველა დანარჩენი აპლიკანტისთვის კი TOEFL-ი და GRE-ი სავალდებულო გამოცდებია. 

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების შესახებ ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, Fulbright-ი 1946 წელს შეიქმნა და ის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გლობალური სტუდენტური პროგრამაა. პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა სამაგისტრო საფეხურზე გააგრძელონ. 

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, უკვე 12 ახალგაზრდამ მოიპოვა „საქართველოს ბანკის“ 100%-იანი დაფინანსება და ეს რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. 

„საქართველოს ბანკის“ მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: csr.bog.ge

ასევე იხილეთ